თამაშგარე

11:25 | 27.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

რა ჭირდა მარადონას?

ვინც გუშინ მუნდიალზე არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებთა შორის მატჩს უყურეთ, რასაკვირველია არ გამოგრჩებოდათ ლეგენდარული არგენტინელი მობურთალის -დიეგო მარადონას მთვლემარე სახე, არეული მზერა და ისეთი იერი, რომელიც დიეგოს საფეხბურთო კარიერის უკანასკნელ პერიოდში ქონდა.

ამ სურათის ხილვის შემდეგ, ბუნებრივია მთელს საფეხბურთო სამყაროში დაიწყო მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება ჭირდეს ლეგენდარულ არგენტინელს. უმეტესობა ცხადია გონივრულ ეჭვს გამოთქვამს, რომ მარადონა მისთვის ესოდენ საყვარელ “საქმიანობას“ - ნარკომანიას მიუბრუნდა და პეტერბურგის სტადიონის ტრიბუნაზეც კოკაინნასუნთქი ბრძანდებოდა.

მარადონას დამცველებიც გამოუჩნდნენ და განაცხადეს, რომ დონ დიეგო უბრალოდ დაღლილი იყოო. უფრო მეტი ფანტაზიის მქონე ხალხმა კი ყველაფერი რუსული არყის ძალმოსილებას დააბრალა და ისიც კი თქვეს, მარადონას არ უნდოდა არყის დალევა, მაგრამ ვიპ-ლოჟაში მჯდომმა პუტინმა დააძალაო.

თვალებამოტრიალებული დიეგო მარადონაზე მითქმა-მოთქმა ცხადია ასე მალე არ დასრულდება და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ სულ მალე ამ ამბავზე სიმღერებიც დაიწერება, ლექსებიც გამოითქმება და სტადიონზე ჩაძინებული მარადონას ფოტოებს ბევრი ადამიანი მაისურებზეც დაბეჭდავს. თავად დიეგო მარადონას კი რა ეშველება - ეს მართლა არავინ იცის...

0.190098