არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს აგრძელებს და არგენტინული ოცნებაც გრძელდება. როგორც მოსალოდნელი იყო, “ალბისელეტსეს” ნიგერიასთან არაფერი საჩუქრად არ მიუღია და ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწია აფრიკელთა ბარიერის გადასალახად.
აქამდე, არგენტინას ნიგერის ოთხჯერ ჰყავდა მუნდიალზე დამარცხებული და ოთხჯერვე ერთი ბურთის სხვაობით. ისტორია ახლაც ასეთი სცენარით გაგრძელდა.
სამპაოლიმ ტაქტიკა და შემადგენლობა ისევ შეცვალა. დააბრუნა 4 მცველი და ანხელ დი მარია ძირითად შემადგენლობაში. ლეო მესის კი გონსალო იგუაინი შეუწყვილდა. სამხრეთ ამერიკელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. მართალია, სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ, მაგრამ ტერიტორიას აკონტროლებდნენ და მე-14 წუთზე გოლიც გაიტანეს. ევერ ბანეგამ მოედნის ცენტრიდან დიდებული პასი გაუკეთეა მესის, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე მისთვის საკადრისის სიტყვა პირველად თქვა: ბურთი დაამუშავა და მეტოქის კარის ბადე შეარხია. ნიგერია მხოლოდ ამის შემდეგ სცდილობდა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანას, მაგრამ ვერ ახერხებდა. არგენტინა კი, საპასუხოდ შეტევაში თავქუდ მოგლეჯილი აღარ მიდიოდა.
მეორე ტაიმი კი განსახვავებული გამოდგა. დასაწყისშივე ნიგერიამ იაქტიურა და კუთხურიც მოიპოვა. რასაც ხავიერ მასკერანოს მხრიდან თამაშის წესების დარღვევა მოჰყვა და ჩიუნეთ ჩაქირმა პენალტი დანიშნა. გოლი ვიქტორ მოზესმა უპრობლემოდ გაიტანა. ეს იმას გვაუწყებდა, რომ მერვედფინალში აფრიკელები გადიოდნენ. თამაშიც მათთვის სასურველი სცენარით მიდიოდა. მესი ვეღარ იყო ისეთი ეფექტური, როგორც პირველ ნახევარში და არგენტინა სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდა. მეტიც, ნიგერიამ რამდენჯერმე გაამწვავა შეტევა და ორჯერ ძალიან ახლოს იყო გოლთან იგალო, რომელმაც ვერ ივარგა. ერთ ეპიზოდში პენალტსაც ითხოვდა, მაგრამ ჩაქირმა ჩათვალა, რომ როხოს ხელით არ უთამაშია.
მერე იყო ეტებო სახიფათო ჯარიმა. თამაშიც ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდიოდა. პავონის, მესასა და აგუეროს გამოყვანას რეალურად არაფერი შეუცვლია სამპაოლის გუნდის თამაშში – არგენტინელები ხიფათს საერთოდ ვერ ქმნიდნენ და აფრიკელები ადვილად ახერხებდნენ თავდაცვას. თუმცა, 86-ე წუთზე ერთი კაცი გაეპარათ. კაცი, რომლისგანაც ხიფათს ნაკლებად მოელოდნენ. მარკოს როხო ცენტრფორვარდის პოზიციაზე გაიხსნა და მერკადოსგან კარგი პასი, ერთი შეხებით მეტოქის კარის კუთხეში გადაგზავნა! არგენტინა მუნდიალის რელსებზე ამ გოლით დაბრუნდა. საინტერესოა, რომ როხოს ორი გოლი აქვს ეროვნულ ნაკრებში გატანილი. ორივე მუნდიალზე, ორივე ნიგერიასთან და ორივე გამარჯვების მომტანი გამოდგა.
ავად თუ კარგად, სამპაოლის ბიჭებმა მიზანს უწიეს და გუნდი პლეი-ოფში. იქ, შესაძლოა, სხვა არგენტინა ვიხილოთ, ვინ იცის. თუმცა, მეტოქე სახიფათოა, მეტიც, ფავორიტია – საფრანგეთის ნაკრები.
ნიგერია – არგენტინა 1:2 (0:1) VIDEO
სანქტ-პეტერბურგი, “სანქტ-პეტერბურგ სთედიუმი”
მაყურებელი: 64 468
ნიგერია (3-5-2): უზოჰო; ბალოგუნი, ეკონგი, ომერუო (აივობი 90); მოზესი, ეტებო, ობი მიკელი, ნდიდი, იდოვუ; მუსა (ნვანკვო 90), იენაჩო (იგალო 46)
მწვრთნელი: გერნოტ რორი
არგენტინა (4-4-2): არმანი; მერკადო, ოტამენდი, როხო, ტალიაფიკო (აგუერო 80); პერესი (პავონი 61), მასკერანო, ბანეგა, დი მარია (მესა 72); მესი, იგუაინი
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი
გოლები: 0:1 მესი (14), 1:1 მოზესი (51, პენ), 1:2 როხო (86)
გაფრთხილება: ბალოგუნი (32), ობი მიკელი (90) – მასკერანო (49), ბანეგა (64), მესი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 8 (4) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (არგენტინა)