სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:36 | 26.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვიდეორეფერით შეცვლილი ვითარება და ესპანელთა მარტივი გზა ფინალამდე

მსოფლიოს ჩემპიონატი, B ჯგუფი, მესამე ტური. პარალელურად ორი მატჩი მიმდინარეობს, პორტუგალია ირანს ამარცხებს, მაროკო – ესპანეთს. შეხვედრების დასრულებამდე მსაჯის დამატებული წუთებია დარჩენილი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე პორტუგალია გადის, მეორეზე – ესპანეთი.

ყველაფერი ასეც იქნებოდა, რომ არა ფიფას დროული ნაბიჯი და ვიდეორეფერის, ე.წ VAR-ის სისტემა. ცალსახაა, რომ ფეხბურთი ასე სამართლიანობისკენ უფრო მიიწევს.

სწორედ VAR-მა თქვა გადამწყვეტი სიტყვა ორივე შეხვედრაში: იაგო ასპასს მაროკოელთა კარში გოლი გააქვს, მაგრამ თანამსაჯი ალამს წევს, თამაშგარეს აფიქსირებს და გოლი უქმდება. გამეორებაზე ნათლად ჩანს, რომ ესპანელთა ფორვარდი ოფსაიდში არ ყოფილა და ვიდეორეფერიმ სამართლიანობა აღადგინა – ანგარიში გათანაბრდა. მიუხედავად ამისა, “ფურია როხა” მაინც მეორეა ჯგუფში. მას კიდევ ერთი გოლი სჭირდება, მაგრამ დრო აღარ აქვს. ან, ირანმა პორტუგალიას უნდა გაუტანოს.

ამ მატჩში VAR-ი ჩაერია საქმეში: მსაჯის კომპენსირებულ წუთებზე სედრიკ სოარეშს ბურთი ხელზე ხვდება (საჯარიმოში), მაგრამ პარაგვაელი მსაჯი ეპიზოდს უყურადღებოდ ტოვებს. საბოლოოდ, ვიდეორეფერიმ არბიტრის პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალა, პენალტი დანიშნა, რომელიც კარიმ ანსარიფარდიმ გამოიყენა და ჯგუფში ყველაფერი შეიცვალა – ესპანეთმა და პორტუგალიამ 5-5 ქულით დაასრულეს ასპარეზობა, მაგრამ “ფურია როხამ” ერთით მეტი გოლი გაიტანა და ჯგუფში იპირველა.

ამან კი, ფერნანდო იეროს გუნდის გზა ფინალამდე რადიკალურად შეცვალა უკეთესობისკენ, ხოლო პორტუგალიელთა გზა დაამძიმა. ჯერ, მარტო მერვედფინალური მეტოქეები რად ღირს – ეჭვგარეშეა, ურუგვაი გაცილებით რთული მოწინააღმდეგეა ყველასთვის, ვიდრე რუსეთი მიუხედავად მასპინძლობისა.

ამ ეტაპზე ჯგუფური ეტაპი არ დასრულებულა და ბუნებრივია ორივე ბადე სრულად შევსებული არაა, მაგრამ ვარაუდის დონეზე საუბარი მაინც შეიძლება:

პორტუგალია 1/8 ფინალში ურუგვაის რომ შეხვდება, ამას წყალი არ გაუვა. ლუზიტანელთა ბადეში დიდი ალბათობით, მოხვდებიან საფრანგეთის, ბრაზილიის, გერმანიის, არგენტინის (თუ გავიდა), ბელგიის/ინგლისის ნაკრებები. არადა, რომ არა ვიდეორეფერი ამ ბადეში ესპანეთი იქნებოდა.

ახლა კი, ესპანეთი 1/8 ფინალში რუსეთის დამარცხებას აპირებს. მის მხარეს ამ ეტაპზე ყველაზე სერიოზულ მეტოქეებად ორადორი გუნდი მოსჩანს: ხორვატია და ინგლისი/ბელგია. ახლა, თავად განსაჯეთ, რამდენად გაუადვილდა საქმე ფინალამდე ესპანეთის ნაკრებს, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე დამაჯერებელი არ ყოფილა, მაგრამ მაინც ფავორიტია.

პირინელთა ბადე შესაძლოა მაინც დამძიმდეს. ეს, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საფრანგეთი და ბრაზილია ქვეჯგუფში ვერ იპირველებენ, რისი ალბათობაც არის, თუმცა ძალიან მცირე...

ვნახოთ, როგორ განლაგდებიან გუნდები პლეი-ოფში და მერე, უფრო მეტი დასკვნის გაკეთება შეგვეძლება. დღეს გვიან ღამით კი, კიდევ ორი 1/8 ფინალური წყვილი გვეცოდინება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115514