ფეხბურთი

13:28 | 23.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაადრევი ფინალი და სამპაოლის მორიგი ცვლილებები

აჰმედ მუსას დიდებული თამაში, დუბლი და ნიგერიამ ისლანდიის ნაკრები დაამარცხა. ამ გამარჯვებამ აფრიკელებზე არანაკლებ არგენტინელები გაახარა. საქმე ისაა, რომ “ალბისელესტეს” ჯგუფიდან გასვლის შანსი ისევ გაუჩნდა. ხორხე სამპაოლის გუნდი ბოლო ტურში სწორედ “სუპერ არწივებს” დაუპირისპირდება და თუ დაამარცხებს, 1/8 ფინალში დიდი ალბათობით გავა (ისლანდიამ ხორვატია არ უნდა დაამარცხოს ან ბურთების ბალანსი დაითვლება).

უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის არგენტინა უკვე იწყებს მზადებას და სამპაოლი ისევ ცვლილებებს გეგმავს. ორი რამ უკვე დანამადვილებითაა ცნობილი:

გუნდი ისევ 4-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდება, ხოლო კარს ვილი კაბალიეროს ნაცვლად “რივერ პლეიტის” კარის დარაჯი ფრანკო არმანი დაიცავს.

ნიგერიასთან არგენტინელთა ორი სავარაუდო შემადგენლობა ვრცელდება, თუმცა, განსხვავება მხოლოდ შეტევის ხაზშია:

  • არმანი – მერკადო, ფაციო, ოტამენდი, როხო – ბილია, მასკერანო, ბანეგა – მესი, აგუერო, დი მარია
  • არმანი – მერკადო, ფაციო, ოტამენდი, როხო – ბილია, მასკერანო, ბანეგა – მესი, დიბალა – იგუაინი.

ვნახოთ, რა არჩევანს გააკეთებს სამპაოლი. თუმცა, არც ისეა, რომ არგენტინას ნიგერიის ნაკრებთან 3 ქულა გარანტირებული ჰქონდეს. თავად განსაჯეთ, წინა ორ ტურში აფრიკელებმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს. გერნოტ რორის გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული და არც ტაქტიკურად დაეწუნება რამე. ამასთან, მაღალი დონის შემსრულებლებსაც არ უჩივის.

ნიშანდობლივი ფაქტიც: “სუპერარწვიები” დაცვაში საკმაოდ კარგად ირჯებიან. ისლანდიას ფაქტობრივად მომენტი არ შეაქმნევინეს (პენალტს თუ არ ჩავთვლით), ხოლო ხორვატიასთან ორი გოლი გაუშვეს, მაგრამ ბალკანელებს იმდენი საგოლე მომენტი ნამდვილად არ ჰქონიათ, რამდენიც იმავე არგენტინასთან. ისიც აღსანიშნავია, რომ ორი გოლიდან ნიგერიამ ერთი საკუთარ კარში თავად გაიტანა, ხოლო მეორე პენალტით გაუშვა, ხორვატიამ კი, აფრიკელთა კარში ზუსტად სულ რაღაც ორჯერ დაარტყა.

და ბოლოს, ნიგერიის ნაკრების მეკარე ფრანსის უზოჰო 1966 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა კიპერია (19 წელი და 237 დღე), რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კარი მშრალად შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11132