ფეხბურთი

1:15 | 23.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარია 1/8 ფინალისკენ, სერბეთი - სახლისკენ (+VIDEO)

შვეიცარიის ნაკრები 1/8 ფინალთან, ხოლო სერბეთი სამშობლოში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. არადა, თამაში ისე დაიწყო, რომ ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო.

მლადენ კრსტაიჩის სერბეთი გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფის საგზურს ინაღდებდა. გარდა ამისა, ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდა, რადგან წინ ბრაზილიასთან მატჩი ელოდება. ამას კარგად ხვდებოდნენ სერბი ფეხბურთელები და შვეიცარიას თავიდანვე სამი ქულისთვის ეკვეთნენ. კრსტაიჩის ბიჭებმა მეტოქეს მაღალი ტემპი და პრესინგი შესთავაზეს, რასაც შვეიცარიამ თავიდან ალღო ვერ აუღო. ვერაფერ უხერხებდნენ ალექსანდრ მიტროვიჩს, რომელიც მეორე სართულზე ყველას სჯაბნიდა. გოლიც მალევე გავიდა – დუშან ტადიჩის ფლანგურ გადაცემას მიტროვიჩი გამოეხმაურა და სერბები დაწინაურდნენ.

ამ გუნდის იერიშები ისევ გაგრძელდა, ხოლო შვეიცარია ახერხებდა, მიუხედავად იმისა, რომ მარცხი მისთვის ჯგუფში ჩარჩენას ნიშნავდა. თუმცა, ნელ-ნელა, მეთოდურად ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა თამაში გაათანაბრა და ანგარიშის გათანაბრებაზეც გაიწია. ამასთან პირველ ტაიმში ყველაზე ახლოს ბლერიმ ჯემაილი იყო, რომელმაც ახლო მანძილიდან სტოიკოვიჩს ვერ აჯობა.

მთლიანობაში პირველი ნახევარი სანახაობრივი გამოდგა და მაღალ ტემპში წარიმართა. ასეთივე გამოდგა მეორე ტაიმიც და ამას დრამატიზმიც დაემატა. მოკლედ, ჩინებული მატჩი გამოვიდა საყურებლად. ნაანტრაქტევს შვეიცარიის ნაკრები გაცილებით გააზრებულად მოქმედებდა, თითქოს ფიზიკურად მეტოქეზე კარგად იყო მომზადებული. ანგარიში მალევე გათანაბრდა. შვეიცარიელთა კონტრშეტევა შერდან შაქირის დარტყმით გვირგვინდებოდა, მაგრამ ბურთს ალექსანდრ კოლაროვი გადაეღობა. მისგან ასხლეტილი ბურთი კი, 30 მეტრიდან ერთი შეხებით გრანიტ ჯაკამ გადაგზავნა კარში და მეკარე არც განძრეულა. ულამაზესი გოლი გამოვიდა და ჯაკას ასეთი გოლები სჩვევია. სხვათა შორის, “არსენალის” ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდში მეათე გოლი გაიტანა და აქედან 5 საჯარიმოს გარედან მიითვალა.

უნდა ითქვას, რომ ფრე მაინც უფრო პეტკოვიჩის გუნდს აწყობდა, მაგრამ სერბეთი მწვავედ შეტევას ვერაფრით ახერხებდა. ამასთან, შვეიცარიას გოლმა სიმშვიდე და თავდაჯერებულობაც შემატა. მერე, პეტკოვიჩმაც შეიტანა თამაშში ცვლილებები. მოედანზე ბრილ ემბოლო გამოჩნდა, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია შეტევით ფაზაში და რამდენჯერმე გაამწვავა შეტევა. ბოლო წუთზე კი შაქირი მატჩის გმირი გახდა. “სტოკის” შემტევი საკუთარ ნახევარზე იმყოფებოდა, როდესაც მარიო გავრანოვიჩმა ჩინებული პასი გაუკეთა მოშიშვლებული სერბეთის დაცვაში და შაქირიც ერთადერთ ოპონენტ ტოშიჩს ადვილად გაექცა. მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გაიტანა და შვეიცარიამ მოიგო. შვეიცარიამ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა მერვედფინალისკენ და თუ სასწაული არ მოხდა, საუკეთესო 16 გუნდშიც მოხვდება.

სხვათა შორის, მიმდინარე მუნდიალზე პირველად მოხდა, რომ გუნდმა, რომელიც თავიდან აგებდა, თამაში შემოატრიალა და მოიგო. სერბეთის ნაკრებმა კი, არ დატოვა ურიგო შთაბეჭიდელება, შეიძლებოდა მოეგო კიდეც და ახლა სხვა სურათი იქნებოდა. ახლა მლადენ კრსტაიჩის გუნდს საკუთარ თავზე მოუწევს გადახტომა – ბრაზილია უნდა დაამარცხოს...

სერბეთი – შვეიცარია 1:2 (1:0) VIDEO

კალინინგრადი, “კალინინგრად სთედიუმი”

მაყურებელი: 33 167

სერბეთი (4-2-3-1): სტოიკოვიჩი; ივანოვიჩი, მილენკოვიჩი, ტოშიჩი, კოლაროვი; მილივოიევიჩი (რადონიჩი 81), მატიჩი; ტადიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, კოსტიჩი (ლიაიჩი 64); მიტროვიჩი

მწვრთნელი: მლადენ კრსტაიჩი

შვეიცარია (4-2-3-1): სომერი; ლიხშტაინერი, შარი, აკანჯი, როდრიგესი; ბეჰრამი, ჯაკა; შაქირი, ჯემაილი (ემბოლო 73), ცუბერი (დრმიჩი 90); სეფეროვიჩი (გავრანოვიჩი 46)

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

გოლები: 1:0 მიტროვიჩი (5), 1:1 ჯაკა (52), 1:2 შაქირი (90)

გაფრთხილება: მილინკოვიჩ-სავიჩი (34), მილივოიევიჩი (39), მატიჩი (45), მიტროვიჩი (87); შაქირი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (3) – 20 (5) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: შერდან შაქირი (შვეიცარია)

0.311808