ფეხბურთი

18:50 | 22.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სელესაოს" მძიმე გამარჯვება (+VIDEO)

დიდი ნერვიულობა და ბევრი დახარჯვა მოუწია ბრაზილიის ნაკრებს სამი ქულა რომ მოეპოვებინა. ტიტეს გუნდი ძალიან ახლოს იყო ზედიზედ მეორე მოუგებელ მატჩთან და ასე რომ მომხდარიყო, ჯგუფიდან გასვლა-არგასვლის საკითხი წინა პლანზე წამოიწევდა, მაგრამ ბოლოსკენ იძალა.

ბოლოსკენ კოსტა რიკის ნაკრებმა კონცენტრაცია დაკარგა და ბრაზილიამაც ზეწოლა გააძლიერა. თუმცა, იქამდე პირველ ტაიმზე ვთქვათ, მაგრამ სათქმელიც ბევრი არაფერია. ტაიმი უგოლოდ გაილია და ლოგიკურიც იყო, რადგან გუნდებს საგოლე მომენტები არც შეუქმნიათ. მეორე ნახევარიდან კი ბრაზილიამ უფრო მეტად გაიხედა შეტევისკენ და ნელ-ნელა აძლიერებდა ზეწოლას.

ცვლილებებს მიმართა ტიტემაც, რომელმაც ჯერ ინერტული ვილიანი ჩაანაცვლა დუგლას კოშტათი, მერე საყრდენი მოხსნა და ფორვარდი ფირმინო ჩართო თამაშში. სწორედ ამ ცვლილებებმა გამოიღო გადამწყვეტი შედეგი. იქამდე, ბრაზილიამ პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვა, როდესაც ნეიმარი წაიქცა საჯარიმოში. თუმცა, ეპიზოდი ვიდეორეფერთან გადამოწმდა და უმაღლესის საფეხბურთო სასჯელი გაუქმდა.

იყო საგოლე მომენტებიც, მაგრამ კეილორ ნავასი უშეცდომო იყო. რამდენჯერმე ბრაზილიელებმა კარის ჩარჩოს ვერ დაუმიზნეს. მსაჯმა მატჩს 6 წუთი დაამატა და “სელესაომაც” ბოლო ძალები მოიკრიბა. სწორედ ამ დროს გავიდა გოლი. საჯარიმოში მეორე სართულზე ბრძოლა რობერტო ფირმინომ მოიგო, გაბრიელ ჟესუსს კარგად დაუგდო ბურთი, რომელიც დასარტყმელად ისწორებდა, მაგრამ იქვე ფილიპე კოუტინიო გაჩნდა და ახლო მანძილიდან შეაგდო. “ბარსელონას” შემტევმა მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი. მსაჯის ბოლო დამატებულ წუთზე კი, დუგლას კოშტამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნეიმარსაც გაეტანა თავის გოლი და გაიტანა კიდეც.

ამრიგად, ბრაზილიის ნაკრებს 4 ქულა გაუხდა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა, ხოლო კოსტა რიკა (0 ქულა) შეუერთდა იმ ნაკრებებს, რომლებსაც პლეი-ოფში გასვლის შანსი უკვე დაკარგული აქვთ.

ბრაზილია – კოსტა რიკა 2:0 (0:0) VIDEO

სანქტ-პეტერბურგი, “სანქტ-პეტერბურგ სთედიუმი”

მაყურებელი: 64 468

ბრაზილია (4-3-3): ალისონი; ფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო; პაულინიო (ფირმინო 68), კაზემირო, კოუტინიო; ვილიანი (დუგლს კოშტა 46), გაბრიელ ჟესუსი (ფერნანდინიო 90), ნეიმარი

მწვრთნელი: ტიტე

კოსტა რიკა (3-5-2): ნავასი; აკოსტა, გონსალესი, დუარტე; გამბოა (კალვო 75), გუზმანი (ტეხადა 83), რუისი, ბორხესი, ოვიედო; ვენეგასი, ურენა (ბოლანოსი 54)

მწვრთნელი: ოსკარ რამირესი

გოლები: 1:0 კოუტინიო (90+1), 2:0 ნეიმარი (90+7)

გაფრთხილება: ნეიმარი (81), კოუტინიო (81) – აკოსტა (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (9) – 4 (0) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 10:1 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია)

0.469181