ფეხბურთი

10:33 | 21.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქის წარდგენა: "ტობოლი" ახლო ხედით
"ტობოლი"

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი “სამტრედია” ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ “ტობოლს” გაეჯიბრება. მეტოქე საკმაოდ ძლიერია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ იმერული გუნდი კრიზისში იმყოფება.

აღნიშნულ წერილში მისი მეტოქის შესახებ გიამბობთ და უფრო ახლოდან გაგაცნობთ:

ისტორია

“ტობოლი” 1967 წელს დაარსდა, თუმცა წარმატებები ოდენ 21-ე საუკუნეში მოვიდა. გუნდმა პირველი ტიტული საიუბილეო, მე-40 წლისთავზე მოიპოვა – ყაზახეთის თასი.

2010 წელს, უფრო წინ წავიდა და ყაზახეთის ჩემპიონიც გახდა. 2007 წელს კი, აწ გაუქმებული, ინტერტოტოს თასიც მოიგო.

“ტობოლი” ევროპაში

“ტობოლს” ევროთასებზე დებიუტი 2003 წელს ჰქონდა, როდესაც ინტერტოტოს გათამაშებაში ჩაერთო და მიჯრით ორი ეტაპიც გაიარა. ჯერ “პოლონია” დაამარცხა (2:1, 3:0), მერე “სენტ ტრუიდენი” (1:0, 2:0). მესამე ეტაპზე კი ავსტრიულ “პაშინგთან” ვერაფერს გახდა (0:1, 0:3).

სხვატა შორის, ინტერტოტოს თასი 2007 წელს “ტობოლმა” მოიგო. აწ არარსებული ტურნირი იმ დროისთვის განსხვავებული ფორმატით ტარდებოდა და რამდენიმე გამარჯვებული ჰყავდა. ყაზახურმა გუნდმა პირველ ეტაპზე “ზესტაფონი” დაამარცხა (3:0, 0:2), მერე “სლოვანი” (1:1, 2:0) და ბოლოს “ოფი” (1:0, 1:0).

დანარჩენ შემთხვევაში “ტობოლი” მეტად წარუმატებლად ასპარეზობს ევროსარბიელზე და დღემდე ერთი ეტაპიც არ გაუვლია. 2006-2007 წლების სეზონში უეფას თასზე “ბაზელთან” წააგო (0:0, 1:3), ხოლო ერთი წლის შემდეგ “გროძისკთან” ვერ გახდა ვერაფერს (0:1, 0:2).

2008-2009 წლების სეზონში პირველივე ეტაპზე “აუსტრიასთან” დამარცხდა (1:0, 0:2). 2009-2010 წლების სეზონში უკვე ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა ნაადრევად, როცა “გალათასარაი” ჰყავდა მეტოქედ (1:1, 0:2). შემდეგ იყო წარუმატებელი მცდელობა “ჟრინსკის” წინააღმდეგ (1:2, 1:2).

“ტობოლი” ბოლოს ევროტურნირებზე 2011-2012 წლების სეზონში გამოდიოდა. მაშინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰქონდა დებიუტი და ბრატისლავას “სლოვანთან” დამარცხდა (1:1, 0:2). ყაზახური გუნდი ევროსარბიელს “სამტრედიასთან” მატჩით დაუბრუნდება.

“ტობოლი” ქართველებთან

“ტობოლს” ქართული გუნდის წინააღმდეგ ოფიციალურ დონეზე ერთხელ უთამაშია და წარმატებითაც. 2007 წლის 23 ივნისს, ყაზახეთში მასპინძლებმა 3:0 მოიგეს, ხოლო ერთი კვირის თავზე, ედიკ საჯაიასა და გაგა ჩხეტიანის გოლებით 2:0 მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული მეტოქე გამოვიდა.

აწმყო

ყაზახეთში საქართველოს დარად, ჩემპიონატი გახურებულია. “ტობოლი” 14 ტურის თავზე 28 ქულით მესამე პოზიციაზეა და ლიდერ “ასტანას” 12 ქულით ჩამორჩება. თუმცა, მასთან შედარებით ორ მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ბოლო პერიოდში გუნდი საკმაოდ არასტაბილურად თამაშობს და მოგებას, წაგებას უნაცვლებს. ერთი თვის წინ, თასზე “ატირაუსთან” (1:2) დამარცხდა, ხოლო მერე ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე წააგო “კიჟილჟართან” (0:1). ბოლო ტურში კი, 17 ივნისს, სტუმრად “ატირაუ” დაამარცხა (2:0).

კონტიგენტი

თავდაპირველად ის ვთქვათ, რომ “ტობოლის” რიგებში ორი ქართველი ირიცხება – ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი. ყაზახეთის მიმდინარე ჩემპიონატში ნიკამ 9-ჯერ ითამაშა (უგოლოდ), ხოლო საქართველოს ნაკრების კაპიტანი კანკავა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და 13 თამაშში 1 გოლის გატანაც შეძლო.

ძირითადი ბირთვი კი ადგილობრივი ფეხბურთელებისგან შედგება. მათ შორისაა აზატ ნურგალიევი, რომელიც ყაზახეთის ნაკრების უცვლელი წევრია. გუნდშია ვეტერანი ნურბოლ ჟუმასკალიევი, რომელსაც ეროვნულ გუნდში თავის დროზე 56 თამაში აქვს ჩატარებული (6 გოლი).

ქართველი ლეგიონერების გარდა, “ტობოლის” ღირსებას უკრაინელები, ანტონ შინდერი, ვასილ კობინი და დმიტრო ნეპოჰოდოვი იცავენ. ამასთან, გუნდშია მაკედონიელი ვანჩე სიკოვი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 56-ჯერ უთამაშია (4 გოლი) და ლიტვის ნაკრების ფეხბურთელია არტურას ზულპა. მოკლედ, “ტობოლი” საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული...

მწვრთნელი

ვლადიმირ ნიკიტენკომ “ტობოლი” მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა. 61 წლის ყაზახი სპეციალისტი დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის და აქამდე მხოლოდ სამშობლოში უმუშავია.

ყველაზე დიდ წარმატებას “აკტობეში” მიაღწია, რომელსაც 2013 წელს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოუტანა, ხოლო 2014 წელს, ყაზახეთის სუპერთასიც მოაგებინა.

სტადიონი

“ტობოლის” საშინაო არენას “კოსტანაი ცენტრალი” ეწოდება და 1964 წელს გაიხსნა. თუმცა, 2002 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ხსენებული არენა 10 500 მაყურებელზეა გათვლილი.

და ბოლოს, შეგახსენებთ, “სამტრედია” “ტობოლს” 12 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო ერთი კვირის თავზე ყაზახეთში ესტუმრება.

0.121038