კალათბურთი

1:38 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია და "ბასკონია" დამარცხდნენ, "რეალი" ჩემპიონია

თორნიკე შენგელია და “სასკი ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონობას ვერ შესწვდნენ. ვიტორიელებმა ფინალური სერია მადრიდის “რეალთან” დათმეს – 1:3. არადა, სერიის პირველი მატჩი “ბასკონიამ” მადრიდში მოიგო და დიდი იმედიც ჩაისახა, მაგრამ მერე მიჯრით წააგო სამი შეხვედრა (ჯერ მადრიდში, შემდეგ ზედიზედ ორი თამაში საკუთარ მოედანზე) და ესპანეთის ლიგა ენდესას 2017-2018 წლების სეზონის გამარჯვებული “რეალი” გახდა, რომელმაც დუბლით დაასრულა სეზონი – იქამდე, ევროლიგაც მოიგო.

“სამეფო კლუბმა” გადამწყვეტი შეხვედრა 96:85 მოიგო. მასპინძლებმა ოდენ პირველ მეოთხედში მოახერხეს მეტოქის ძლევა, ხოლო შემდეგ ყოველთვის მდევრის როლში იყვნენ. მადრიდელებს რუდი ფერნანდესმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო. სწორედ ის გახდა ფინალური სერიის MVP.

თავის მხრივ, “ბასკონიას” რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანი შენგელია იყო. თორნიკემ, რომელიც სასტარტო ხუთეულში გახლდათ, 26:47 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა გაახერხა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 13 შეადგინა. ქართველზე უფრო შედეგიანად ბასკთა რიგებში მხოლოდ როდრიგო ბობუა გაისარჯა – 19 ქულა. საგულისხმოა ისიც, რომ “ბასკონიას” გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად ვიტორიელთა საუკეთესო მოთამაშედ შენგელია დასახელდა. ქართველმა გამოკითხულთა ხმების 33% მიიღო.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ შენგელიამ 3-დან 2 ორქულიანი და 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზზე არ დამდგარა. სეზონიც ასე დასრულდა, რომელიც მთლიანობაში შენგელიასთვის და “ბასკონიასთვის” წარმატებული გამოდგა. მადრიდის “რეალი” კი ესპანეთის ჩემპიონი 34-ედ გახდა.

0.120318