მომო სალაჰისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დღეს იწყება. ეგვიპტელი თავდამსხმელი რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გადამწყვეტ შეხვედრას ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.
აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური გამოცემები ადასტურებენ. სალაჰი უკვე სრულად გამოჯანმრთელდა და მზადაა თავის ქვეყანას სიხარული კიდევ ერთხელ მოუტანოს.
მომოს დაბრუნებას მიესალმება რუსეთის ნაკრების თავკაცი სტანისლავ ჩერჩესოვიც:
“არმგონია, რომ რამოსმა სალაჰი განზრახ დააზიანა. ფეხბურთელი მეტოქეს ასე არასდროს ექცევა. ვიმედოვნებთ, რომ ის მოედანზე იქნება, რადგან ასეთი ტიპის ფეხბურთელები ფეხბურთს ალამაზებენ”, - განაცხადა ჩერჩესოვმა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ტური დღეს რუსეთისა და ეგვიპტეს მატჩით დაიწყება. მასპინძლებს 3 ქულა აქვთ, ხოლო აფრიკელებს – 0. შესაბამისად, ეს მატჩი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.