ფეხბურთი

10:55 | 19.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

რამადანი და ტრავმა - მუეზ ჰასენის საინტერესო თავგადასავალი

მუეზ ჰასენი – ტუნისის ნაკრების მეკარე, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან მხოლოდ 13 წუთი ითამაშა, მაგრამ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. ახალგაზრდა კიპერმა ხსენებულ მცირე მონაკვეთში ყველაფერი მოასწრო: ჯესი ლინგარდსა და ჯონ სტოუნსს საოცარი ბურთები აუღო, ჰარი კეინისგან გოლი გაუშვა, ტრავმა მიიღო და მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა.

თუმცა, ვინც ფრანგულ ფეხბურთში ღრმადაა ჩახედული, ჰასენი მათთვის უცხო სულაც არ იქნებოდა. ტუნისელი კიპერი “ნიცას” აკადემიის აღზრდილია და 2014-2015 წლების სეზონში ზღვისპირელთა მთავარი მეკარეც გახლდათ, ლიგა 1-ში მაშინ 30 მატჩი ჩაატარა. 2015-2016 წლების სეზონში უკვე 14-ჯერ დაიცვა “ნიცას” ღირსება, მაგრამ მერე სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ამიტომაც, ორჯერ გაანათხოვრეს. ჯერ ინგლისურ “საუთჰემპტონში”, მერე – ლიგა 2-ის ბინადარ “შატორუში”.

საინტერესოა ისიც, რომ მუეზი ტუნისის ნაკრების ახალწვეულია და იქამდე საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია 17-წლამდელებით დაწყებული, 21-წლამდელებით დასრულებული.

საბოლოოდ კი, ფესვებმა გადასძალა და ტუნისის ნაკრებში დებიუტი მიმდინარე წლის 27 მარტს, კოსტა რიკასთან (1:0) მატჩში ჰქონდა. მას შემდეგ 23 წლის ფეხბურთელმა პორტუგალიასთან (2:2), თურქეთთან (2:2) და ესპანეთთან (0:1) სპარინგებშიც მოასწრო გარჯა და მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე არ უთამაშია და შესაბამისად, ტუნისის მუნდიალზე გასვლაში არანაირი წვლილი არ შეუტანია, მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მეკარის რანგში ჩავიდა.

“ტუნისი ერთი წლის წინ დამიკავშირდა, მაგრამ მე დრო ვითხოვე, რადგან ველოდებოდი კლუბში სტაბილურად თამაშს. გადაწყვეტილება მუნდიალის დაწყებამდე მივიღე, მაგრამ რეალურად არჩევანი უფრო დიდი ხნის წინ გავაკეთე. ჩემს მშობლებს ნამდვილად სურდათ, რომ ტუნისის ნაკრებში მეთამაშა დ მადლობა მათ ყველაფრისთვის, რაც მომცეს.

დიახ მე კვალიფიკაციაში არ მითამაშია, მაგრამ გულწრფელად გამიხარდა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ეს ძალიან დიდი მოვლენაა ყველა ტუნისელისთვის, ჩემი მშობლებისთვის, ჩემთვის. გუნდს მალევე შევეწყვე და კარგი განწყობაა”, - ამბობს ჰასენი.

ჰასენი ცნობილი ამხანაგური მატჩების დროს გახდა, როდესაც რამადანის მარხვა მიმდინარეობდა. ხსენებულ პერიოდში ტუნისის ნაკრებს სპარინგების გამართვა მოუწია ჯერ პორტუგალიასთან, შემდეგ თურქეთთან და ბოლოს ესპანეთთან. ტუნისელ ფეხბურთელებს მზის ჩასვლამდე ჭამა არ შეეძლოთ და ამ დროს საქმეში ჰასენი ერთვებოდა.

საქმე ისაა, რომ ტუნისელთა კიპერმა პორტუგალიასთან და თურქეთთან მატჩებში ტრავმები მიიღო და ორივე შემთხვევაში იმ დროს, როცა მზე ჩასული გახლდათ. მისმა თანაგუნდელებმა კი პაუზით ისარგებლეს და სტადიონზევე წაიხემსეს... აღნიშნულ საკითხზე სჯობს ისევ მუეზის სიტყვები ამოვიკითხოთ:

“პატიოსნად ვამბობ, თურქეთთან მატჩში ნამდვილად ტრავმა მივიღე, მაგრამ პორტუგალიასთან ექიმების დახმარება განზრახ მოვითხოვე. ამის გაკეთება მწვრთნელმა მთხოვა თანაგუნდელთა დასახმარებლად”, - იხსენებს ჰასენი.

“ნიცას” აკადემიის აღზრდილი მიიჩნევს, რომ რამადანის დაცვა არც ისე რთულია:

“რამადანი არაა ისეთი რთულია, როგორც ამბობენ. შეხედეთ ჩვენს შედეგებს – ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ ესპანეთთან წავაგეთ (ეს კომენტარი ინგლისთან მატჩამდეა გაკეთებული – რედ). თუ ფიქრობ, რომ შენი ფიზიკური ფორმა უარესდება, მარხვის შეწყვეტა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი”, - დასძინა ჰასენმა.

ბედიის ირონიით, მუეზ ჰასენი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში ნამდვილად დაშავდა. ინგლისთან მისი დებიუტი ბრწყინვალე გამოდგა, მაგრამ ბედად, მისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა და მოედანი ნაადრვად, ატირებულმა დატოვა...

0.127683