სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

1:28 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიას შვეიცარიამ ფეხი დაუდო (+VIDEO)

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტია და ასევე რჩება, მაგრამ სტარტი წარმატებით ვერ აიღო. “სელესაომ” მიუხედავად საგრძნობი უპირატესობისა, შვეიცარიის ნაკრებთან მხოლოდ ქულა მოიპოვა და დარჩენილ ორ ტურში მაქსიმუმისთვის მოუწევს ბრძოლა.

არადა, ტიტეს გუნდი ეფექტურად იწყებდა და ბევრმა დაიჯერა, რომ შვეიცარიის ადვილად დაამარცხებდა. მაგრა, შვეიცარიული საათივით აწყობილი გუნდი ჰყოლია ვლადიმირ პეტკოვიჩს. ბოსნიელმა კარგად იცოდა მეტოქისა და თავისი გუნდის შესაძლებლობები და მაქსიმუმი გამოადნობინა შეგირდებს – ფრე.

“სელესაომ” როგორც უკვე ვთქვით კარგად დაიწყო და შეტევაში ირჯებოდა. რამაც შედეგი მეოცე წუთზე გამოიღო: ფილიპე კოუტინიომ საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და ჩვეულ სტილში, ულამაზესი გოლით გახსნა ბრაზილიელთა ანგარიში მიმდინარე მუნდიალზე. ისე, იქამდეც ჰქონდათ სამხრეთ ამერიკელებს შანსი, თუმცა პაულინიოს იან სომერმა საოცარი ბურთი აუღო. აი, გოლის გატანით კი ბრაზილია თითქოს დამშვიდდა და ძალების დაზოგვაზე ფიქრი ნაადრევად დაიწყო. შესაძლოა, ამას გამართლება იმით მოვუძებნოთ, რომ მეტოქე შეტევისთვის ვერც იცლიდა და ვერც ბედავდა წინ წასვლას.

ასეთ ფონზე, ევროპელთა ერთადერთი ხსნა სტანდარტული სიტუაცია უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა. 50-ე წუთზე სტივენ ზუბერმა თავური დარტყმით ახლო მანძილიდან გაიტანა კუთხურის მერე და წონასწორობა აღადგინა. ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემი: ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (2014 და ახლა) საკუთარ კარში დარტყმული 12 ბურთიდან 10 გოლი გაუშვა. ანუ, მეკარეებმა ოდენ ორჯერ გადაარჩინეს საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან... საოცრად ცუდი მაჩვენებელია, ვერაფერს იტყვის ადამიანი.

თამაშის სურათი მერეც არ შეცვლილა – ბრაზილია სცდილობდა შეტევაში ბედის ძიებას, ხოლო შვეიცარია მაქსიმალურად ხელს უშლიდა ამაში და თუ შანსი მიეცემოდა, თავად გარბოდა წინ. ეს ძალზე იშვიათად და ძალზე სუსტად ხდებოდა. ამიტომაც, პეტკოვიჩის გუნდის მთავარი მიზანი გოლის არგაშვება იყო და დავალება შეასრულეს კიდეც.

“სელესაოს” ბოლოსკენ ორჯერ მიეცა ყველაზე კარგი შანსი. ჯერ სომერმა არ დაანება გატანა რობერტო ფირმინოს, ბოლოს კი შარმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი და თამაშიც დასრულდა.

ბრაზილიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს, ხოლო ჯგუფს სათავეში სერბეთის ნაკრები ჩაუდგა. სხვათა შორის, შვეიცარიელებმა გაანეიტრალეს ნეიმარი და ეს დიდწილად ხისტი თამაშით მოახერხეს. თავად განსაჯეთ, ბრაზილიელი ვარსკვალივის წინააღმდეგ თამაშის წესი ათჯერ დაირღვა და მუნდიალზე ამაზე მეტჯერ ბოლოს ალან შირერს ეუხეშნენ ტუნისელები. ეს 1998 წელს...

ბრაზილია – შვეიცარია 1:1 (1:0) VIDEO

როსტოვი, “როსტოვ არენა”

მაყურებელი: 43 109

ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი; დანილო, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო; კაზემირო (ფერნანდინიო 60), პაულინიო (რენატო აუგუსტო 67); ვილიანი, კოუტინიო, ნეიმარი; გაბრიელ ჟესუსი (ფირმინო 79)

მწვრთნელი: ტიტე

შვეიცარია (4-2-3-1): სომერი; ლიხშტაინერი (ლანგი 87), აკანჯი, შარი, როდრიგესი; ჯაკა, ბეჰრამი (ზაკარია 71); ზუბერი, ჯემაილი, შაქირი; სეფეროვიჩი (ემბოლო 80)

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

გოლები: 1:0 კოუტინიო (20), 1:1 ზუბერი (50)

გაფრთხილება: კაზემირო (47) – ლიხშტაინერი (31), შარი (65), ბეჰრამი (68)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (4) – 6 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: სესარ რამოსი (მექსიკა)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.311527