ჭადრაკი

13:47 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონიდან ბათუმამდე
საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია (ნაწილიX)

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი გრანდიოზულ ღონისძიებას - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც რიგით 43-ეა. სპორტის მოყვარულებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ოლიმპიადების ისტორია.

XIII ოლიმპიადა

მიუნხენი, 1958 წლის 30 სექტემბერი - 23 ოქტომბერი

ამ წელს დასავლეთგერმანული ქალაქი მიუნხენი დაარსების 800 წლისთავს ზეიმობდა. სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად, ფიდემ ქალაქს მეცამეტე ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მიანიჭა.

ოლიმპიადაზე 36 ქვეყნის გუნდი ჩავიდა. პირველად იქნა წარმოდგენილი აფრიკის კონტინენტი. 27 წლიანი შესვენების შემდეგ გამოჩნდა ესპანეთის ნაკრები, გერმანიას ასევე ესტუმრა აშშ-ს გუნდი რეშევსკის, ლომბარდის, ბისჰაიერის, ევანსისა და როსოლიმოს შემადგენლობით. ლეგენდარული ბობი ფიშერი იმ დროისათვის 15 წლის იყო, ახალი მინიჭებული ჰქონდა დიდოსტატის წოდება, თავისუფლად შეეძლო ჩასულიყო მიუნხენში აშშ-ს გუნდთან ერთად, მაგრამ გადაღლილობა მოიმიზეზა და უარი განაცხადა.

ჩემპიონი საბჭოთა ნაკრების ღირსებას იცავდნენ მსოფლიოს მაშინდელი ჩემპიონი მიხეილ ბოტვინიკი, ვასილი სმისლოვი, პაულ კერესი, დავიდ ბრონშტეინი, მიხეილ ტალი და ტიგრან პეტროსიანი. შემადგენლობიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ ამ გუნდს კონკურენტი არ ჰყავდა...

30 სექტემბერს მიუნხენის ეროვნული მუზეუმის კონგრეს-დარბაზში შედგა ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონია. პირველად გაისმა ფიდეს ჰიმნი, რომელიც იტალიელმა დელ ვერმემ დაწერა. რამდენიმე ენაზე წაიკითხეს ოლიმპიური ფიცი...

36 გუნდი 4 ნახევარფინალურ ჯგუფში გაანაწილეს, საიდანაც ფინალურ ეტაპზე სამ-სამი გუნდი გადიოდა.

თავის ჯგუფში საბჭოთა გუნდმა დიდი უპირატესობით მოიგო მატჩები. 32 პარტიიდან საბჭოთა მოჭადრაკეებმა მხოლოდ ერთი პარტია დათმეს (ბოტვინიკმა წააგო ავსტრიელ დიუკშტეინთან, თუმცა, ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონმა რევანში აიღო). ეს გახლდათ პირველი და უკანასკნელი წაგებული პარტია. მათთან ერთად ჯგუფიდან ფინალური ეტაპის საგზური ბულგარელებმა და ავსტრიელებმა მოიპოვეს.

მეორე ჯგუფში სენსაცია მოახდინეს ესპანელებმა, მათ პირველი ადგილი დაიკავეს - მხოლოდ აშშ-ს გუნდთან ითამაშეს ფრედ, დანარჩენი მატჩები კი მოიგეს.

მთავარი მოულოდნელობა მესამე ჯგუფში მოხდა - ფინალური ეტაპის მიღმა დარჩნენ უნგრელი მოჭადრაკეები.

ფინალური ეტაპის პირველივე ტურში საბჭოთა კავშირისა და აშშ-ს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ოთხივე დაფაზე ყაიმი დაფიქსირდა, საბოლოო შედეგი - 2:2.

ლიდერობა იუგოსლავიელებმა იგდეს ხელთ. მესამე ტურისთვის ერთი ქულით უსწრებდნენ ჩემპიონებს. მეოთხე ტურში სწორედ ურთიერთშეხვედრა გაიმართა. პირველად მეოთხე დაფაზე დასრულდა პარტია: ყაიმზე შეთანხმდნენ პეტროსიანი და ფუდერერი.

შემდეგ პირველ დაფაზე კერესი დაუზავდა გლიგორიჩს.

დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა მეორე დაფაზე ბრონშტეინსა და მატანოვიჩს შორის. აქაც საბოლოოდ ყაიმი. მესამე დაფაზე ტალის მცირე უპირატესობა ჰქონდა ტრიფუნოვიჩთან, მაგრამ მაინც ყაიმი. საბოლოოდ 2:2.

ამის შემდეგ საბჭოთა გუნდი უფრო შედეგიანად ათამაშდა - ესპანეთის გუნდთან მხოლოდ ნახევარი ქულა დაჰკარგა, ხოლო იუგოსლავიელებმა უფრო მოკრძალებული სხვაობით მოიგეს, რის გამოც მეორე ადგილზე ჩაქვეითდნენ. შვიდი ტურია შემდეგ ჩემპიონებს 19 ქულა ჰქონდათ, ხოლო იუგოსლავიელებს - 18,5.

საბჭოელები დღითი-დღე ზრდიდნენ უპირატესობას უშუალო კონკურენტთან და საბოლოოდ პირველ ადგილზე გავიდნენ. იუგოსლავიელებმა (სვეტოზარ გლიგორიჩი, ალექსანდრ მატანოვიჩი, ბორისლავ ივკოვი, პეტარ ტრიფუნოვიჩი, ბოჟიდარ ჯერაშევიჩი, ანდრია ფუდერერი) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი წილად ხვდა არგენტინის ნაკრებს (ჰერმან პილნიკი, ოსკარ პანო, ერიხ ელისკაზესი, როდოლფო რედოლფი, რაულ სანგინეტი, ჰაიმე ემა.

საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე ფიდემ დაფების მიხედვით საუკეთესონი ამცნო დამსწრე საზოგადოებას. როცა 22 წლის მიხეილ ტალის გვარი გამოაცხადეს, მაყურებლები ოვაციებით შეხვდნენ მოჭადრაკეს. მან მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა და 200 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

მეცამეტე ოლიმპიადაზე სულ 1367 პარტია გათამაშდა.

მიუნხენის ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე, 1957 წლის 2-21 სექტემბერს, ჰოლანდიურ ემენში საფუძველი ჩაეყარა საჭადრაკო ოლიმპიადას მოჭადრაკე ქალთა შორის.

ჰოლანდიაში 21 გუნდი წრიული სისტემით თამაშობდა. სულ 43 მოჭადრაკე ქალმა იასპარეზა.

თავიდან გუნდები სამ ნახევარფინალურ ჯგუფში გაანაწილეს, საიდანაც სამ-სამი საუკეთესო ფინალურ ეტაპზე აგრძელებდა ასპარეზობას.

პირველი ნახევარფინალურ ჯგუფში საბჭოთა გუნდს (ოლღა რუბცოვა, კირა ზვორიკინა) კონკურენტი არ ჰყოლია - 11 ქულა მოაგროვა და 3,5 ქულით გაუსწრო მასპინძელთა გუნდს. ფინალში გავიდა რუმინეთის გუნდი.

მეორე ჯგუფიდან ფინალური ეტაპის საგზურები გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ბულგარეთისა და უნგრეთის ნაკრებები გავიდნენ, ხოლო მესამე ჯგუფიდან - იუგოსლავიის გფრ-სა და ინგლისის წარმომადგენლები.

ფინალში დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობდა. საბოლოოდ საბჭოელებმა და რუმინელებმა 10,5:10,5 ქულა მოაგროვეს, თუმცა საბჭოთა მოჭადრაკეებს ერთი მატჩიც არ წაეგოთ და პირველი ადგილი მიენიჭათ. მესამე ადგილზე გდრ-ს გუნდი გავიდა 10 ქულით.

გაგრძელება იქნება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111486