კალათბურთი

23:02 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია და "ბასკონია" ჩემპიონობას შორდებიან

ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალურ სერიაში ჩამორჩა “სასკი ბასკონია”, რომელმაც მადრიდის “რეალთან” პირველი საშინაო მატჩი წააგო 78:83. არადა, მოგეხსენებათ, ვიტორიელებმა, სერია მადრიდში გამარჯვებით დაიწყეს, რითაც საკუთარი მოედნის უპირატესობა მიიღეს. მაგრამ, იქედან მოყოლებული ჯერ ისევ ესპანეთის დედაქალაქში, ახლა კი საკუთარ კედლებში ვერ გააწყვეს ვერაფერი და “ბასკონია” ჯერჯერობით მარცხდება – 1:2.

რაც შეეხება კონკრეტულად სერიის მესამე მატჩს: მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა ეს არ იყო საკმარისი. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა საწყისი მეოთხედი მოიგეს (24:20), მერე კი, მხოლოდ უკან იყვნენ ანგარიშში.

გადამწყვეტი მეორე ტაიმი გამოდგა – “რეალმა” ჯერ მესამე პერიოდი მოიგო (4 ქულით), ბოლოს კი, დასკვნითი, მეოთხე პერიოდი (3 ქულით) და საბოლოო წარმატებასაც უწია. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც “სამეფო კლუბს” 20 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოუტანა. სლოვენიელი მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. გამორჩეული გახლდათ ჯეის ქეროლიც, რომელმაც 15 ქულა (სამი სამქულიანი) ჩააგდო.

რაც შეეხება “ბასკონიას” ქართველ კაპიტანს – თორნიკემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 22:12 წუთი ითამაშა. ხსენებულ დროში შენგელიამ 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი გაახერხა.

ჩვენებურმა 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზზე არ დამდგარა. მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი მხოლოდ და მხოლოდ, 6 შეადგინა.

მოკლედ, “ბასკონია” სერიაში ჩამორჩა და საჩემპიონოდ აუცილებლად დარჩენილი ყველა მატჩის მოგება სჭირდება. მომდევნო, სერიის მეოთხე შეხვედრა 19 ივნისს, ისევ ვიტორიაში გაიმართება.

0.114659