ბლოგი

13:34 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარგად ნაცნობი რუსეთი

საფეხბურთო მუნდიალი უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო და საფეხბურთო მსოფლიოში ბევრს ქომაგს კიდევ არ სჯერა, რომ ფიფამ ეს მნიშვნელოვანი მისია ისეთ ქვეყანას მიანიჭა, როგორიც რუსეთია და ამის გამო მოხდა ისე, რომ ფეხბურთის მრავალ ტრფიალს უბრალოდ ხალისიც კი დაეკარგა არამხოლოდ რუსეთში წასვლის, არამედ ტელევიზორის ჩართვისაც კი. არადა, მუნდიალი ხომ მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ იმართება!

საქართველოში კი სამწუხაროდ მაინც ვერ ეშვებიან რუსეთზე დარდიან ამოოხვრებს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ანუ მაშინ, როდესაც რუსულ ფეხბურთში და ზოგადად სპორტში ოლიგარქების უზარმაზარი თანხები ჩაიდებოდა, საქართველოში საკმაოდ ბევრი იყო ისეთი კაცი, რომელიც სხვადასხვა ტურნირებზე რუს სპორტსმენებს და რუსულ გუნდებს გულშემატკივრობდნენ. ამ ხალხის უმეტესობის მოტივაციას და “მუღამს” ხშირ შემთხვევაში რუსულ კლუბებში მოთამაშე ქართველი სპორტსმენები წარმოადგენდნენ და რუსთა წარმატების შემთხვევაში ქართველების შეტანილი წვლილითაც კი ბევრი რჩებოდა გახარებული.

რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, საქართველოში რუსული გუნდების გულშემატკივრობას ბუნებრივია ბევრმა დაანება თავი და მე თუ მკითხავთ, სირცხვილიც არის იმ ქვეყნის სპორტული მხარდაჭერა, რომელიც მხოლოდ წაგლეჯვაში, გამოძალვაში და სხვათა დამცირებაშია მაგარი.

ერთი შეხედვით, ბუნებრივია, რომ საქართველოში რუსეთს პოლიტიკურ დასაყრდენებთან ერთად სხვა სფეროებშიც ყველაფერი ხელიდან ეცლება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს და მხოლოდ გარეგნულად არის “ყველაფერი წესრიგში”. მართალია ამის თქმას ბევრი ხმამაღლა ვერ გაბედავს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში არც ისე ცოტაა ადამიანი, რომლებიც რუსებს ჩუმ-ჩუმელურად და გულის-გულში გულშემატკივრობენ. ძალიან მეეჭვება რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ქომაგობის გამო საქართველოში ვინმე გატყიპონ, მაგრამ ასეთი ხალხისადმი საზოგადოების დამოკიდებულება მთლად კარგი რომ არ იქნება ბუნებრივია. ამიტომ ისღა დარჩენიათ, შეიძინონ რამდენიმე ბოთლი ლუდი “ბალტიკა”, კარგად ჩაგმანონ საკუთარი ბინის კარი, უცქირონ სამფეროვანი დროშის ფრიალს და რუსთა ყოველი წარმატების შემდეგ გულში რუსეთის ჰიმნიც ჩაიღიღინონ. ერთი სიტყვით, საქმე გვაქვს ერთგვარ “იატაკქვეშა” ქომაგობასთან, რაც არცთუ ისე ხშირი მოვლენაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში.

სახალხოდ რატომ მალავს რუსული სპორტის ქართველი ქომაგი თავის სიმპათიებს? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთი მიზეზი, როგორც უკვე ვთქვით მიტყეპვისა და საზოგადოების მხრიდან შერისხვის შიშია, მეორე მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ “რუსოფილი” თავადაც ხვდებოდეს განადგურებული სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მქონე ქვეყანაში ოკუპანტების ქომაგობა დიდი ვერაფერი ვაჟკაცობა რომაა, მაგრამ ჩვეულებაში აქვს გამჯდარი “ერთმორწმუნეების” გულშემატკივრობა და კომუნისტი ბაბუას მიერ დამკვიდრებულ ძველ ტრადიციას ვერ ღალატობს. ხოლო მესამე მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება მალავდეს ქართველი კაცი რუსეთის გულშემატკივრობას ის არის, რომ არ სურს მეგობრებისა და ნათესავ-ახლობლების მომდურება. ჩვენში ხომ ხშირად არცთუ საამაყო ნაცნობ-ახლობლის აზრი უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი.

ცნობისმოყვარეობის გამო, არაერთხელ მიცდია თავი იმ ქართველის ადგილზე წარმომედგინა, რომელსაც რუსთა წარმატებების გამო ცრემლიც კი მოსდგომია თვალებზე, ხომ გეუბნებით, ბევრჯერ მიცდია თავი მათ ადგილზე წარმომედგინა და მივმხვდარიყავი რას გრძნობდა ეს ხალხი იმ “ნეტარი” წამების დროს, მაგრამ რა ვუყოთ, რომ ერთი უხიაგი ქართველი გამოვდექი და რუსეთის დროშის შემხედვარეს, რუსი ფეხბურთელების ნაცვლად, ქურთა, ერედვი და თამარაშენი მახსენდება, სადაც ქართველების სახლების ნანგრევებზე სწორედ ეს ავადახსენებელი დროშა ფრიალებს.

ერთხელ კიდევ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მეეჭვება საქართველოში რუსების ქომაგობის გამო კაცი გაილახოს. ქართველები ნამდვილად არ ვგავართ და არც უნდა ვგავდეთ ავღანელ ტერორისტებს, რომლებიც ხალხს ინგლისურად საუბრის გამოც კი ხოცავენ. კი ბატონო, სპორტი - სპორტია და პოლიტიკა - პოლიტიკაა... მტრობა და ბოღმა რომელ ჭკუათმყოფელს უხარია, მაგრამ ტკივილებს რა ვუყოთ?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103822