ფეხბურთი

20:14 | 16.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ის ლანდია! (+VIDEO)

ისლანდია! ჰეიმირ ჰალგრიმსონის გმირმა ბიჭებმა, ისლანდიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში ქულა მოიპოვა და ტურნირის სადებიუტო სენსაციასაც დაუდო სათავე.

ხორხე სამპაოლის და არგენტინას კი კრიტიკა არ აკლდა და ახლაც არ მოაკლდება. მოსკოვში, “ალბისელესტემ”, რომელიც ჩემპიონობაზე ოცნებობს, ისლანდიის ნაკრებს ვერაფერი დააკლო და ოდენ ერთი ქულით მოუწია გულის ჯერება. ეს კი, ბუნებრივია, ამაყ არგენტინელებს სანუგეშოდ არ გამოადგებათ.

ორი გოლი გავიდა და ორივე პირველ ტაიმში. თუმცა, იქამდე იყო ბიარნასონის ძალიან მაგარი მომენტი, როცა ხელსაყრელი სიტუაციიდან აჩქარდა და კარს ააცილა. მერე, კუნ აგუერომ ითამაშა ჩინებულად (90 წუთში ერთადერთხელ) და გოლიც გავიდა. “სიტის” ფორვარდს მშვენიერი დარტყმა გამოუვიდა და ბედად, მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მისთვის სადებიუტო გოლი შეაგდო. ისლანდიას ყურები არ ჩამოუყრია და ზუსტად 4:15 წუთში გაათანაბრა. სამპაოლის ბიჭების თამაში დაცვაში კრიტიკას იქამდეც არ უძლებდა დ არც გოლის ეპიზოდში ყოფილა გამონაკლისი. ვერც ვილი კაბალიერომ ივარგა გამოსვლისას და ალფრედ ფინბოგასონმა დაუცველი კარი უპრობლემოდ დალაშქრა. როდესაც ისლანდიელმა ფორვარდმა გაიტანა, დროის საზომი 22:49 წუთს აჩვენებდა და ეს გოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე სწრაფად გატანილ სადებიუტო გოლებში მეორე პოზიციას იკავებს. ამაზე სწრაფად პირველი გოლი ისტორიაში, 1994 წელს, ნიგერიელმა რაშიდი იეკინიმ გაიტანა.

პირველ ტაიმში ისლანდია ყრუ დაცვაში არ ჩამჯდარა და ტაიმის ბოლოს ორი კარგი შანსიც მიეცა. ორჯერვე გილფი სიგურდსონი იყო აქტიური, თუმცა, ვერ ივარგა. და ტაიმიც დასრულდა.

მეორე ტაიმში ისლანდია მეტოქის კარს აღარ დამუქრებია და მხოლოდ თავდაცვაზე გადავიდა. არგენტინას ბევრი შანსი ჰქონდა და მეტწილად, ლეო მესის. 64-ე წუთზე კი კულმინაციური მომენტი დადგა. მაქსიმილიანო მესა საჯარიმოში წააქციეს და პენალტი დაინიშნა, ბურთთან ლეო მივიდა და ვერ გაიტანა. მას საბა ლობჟანიძის თანაგუნდელმა ჰანეს ჰალდორსონმა აჯობა, რომელიც დიდებულად ირჯებოდა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მესიმ ბოლო შვიდი თერთმეტმეტრიანიდან მეოთხე ვერ გამოიყენა...

ლეოს მერეც შეეძლო გატანა, მაგრამ ხან მიზანმა უმტყუნა, ხანაც ჰალდორსონი იყო შეუვალი. საბოლოოდ, არგენტინელთა ლიდერმა კარის მიმართულებით 11-ჯერ დაარტყა და რამდენიმე ანტირეკორდის ავტორიც გახდა.

მაგალთად, მესი არგენტინის ნაკრების პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალზე ერთ თამაშში კარისკენ 11-ჯერ გაისროლა და გოლი ვერ შეაგდო. არგენტინა კი არა, საერთოდაც, 1966 წლის მერე მხოლოდ ლუიჯი რივამ აჩვენა უფრო ცუდი შედეგი. იტალიელი 1970 წელს შვედეთისა და ისრაელის კარს 13-ჯერ უშედეგოდ დაემუქრა, ხოლო ახლა მესი ამ სიაში მეორე ადგილზეა – 11 უშედეგო დარტყმა.

მოკლედ, ისლანდია მესისთვის და არგენტინისთვის ლანდი არ გამოდგა. ხორხე სამპაოლიმ კი, ამ ყველაფრის ფონზე პაულო დიბალა სათადარიგო სკამზე დატოვა. ვნახოთ, რა იქნება მეორე ტურში, ხორვატიასთან... ისლანდიას კი ქება და ქება, კუნძულელები საოცარი სისწრაფით პროგრესირებენ!

არგენტინა – ისლანდია 1:1 (1:1) VIDEO

მოსკოვი, “სპარტაკ არენა”

მაყურებელი: 44 190

არგენტინა (4-2-3-1): კაბალიერო; სალვიო, როხო, ოტამენდი, ტალიაფიკო; მასკერანო, ბილია (ბანეგა 54); მესი, მესა (იგუაინი 84), დი მარია (პავონი 76); აგუერო

მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

ისლანდია (4-2-3-1): ჰალდორსონი; საევერსონი, რ. სიგურდსონი, არნასონი, მაგნუსონი; გუდმუნდსონი (გისლასონი 63), ბიარნასონი; გ. სიგურდსონი, გუნარსონი (სკულასონი 76), ჰალფრედსონი; ფინბოგასონი (ბ. სიგურდსონი 89)

მწვრთნელი: ჰეიმირ ჰალგრიმსონი

გოლები: 1:0 აგუერო (19), 1:1 ფინბოგასონი (23)

გამოუყენებელი პენალტი: მესი (64, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 25 (7) – 9 (3) ბურთის ფლობა: 73%-27% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჰანეს ჰალდორსონი (ისლანდია)

0.15537