ფეხბურთი

22:26 | 15.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება ოცი წლის შემდეგ (+VIDEO)

ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ირანის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა. კარლუშ კეიროშის გუნდმა მაროკო მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ბოლოს აზიელებმა მუნდიალზე 1998 წელს მოიგეს, როდესაც აშშ 2:1 დაამარცხეს.

სანახაობრივი თვალსაზრისით გუნდებმა პირველ ტაიმში უფრო დაგვამახსოვრეს თავი, როდესაც ჯერ მაროკოს ჰქონდა აშკარა შანსი, კარისკენ დარტყმულ ბურთს ირანელები რამდენჯერმე გადაეფარნენ და მეჰდი ბენატიას შეეძლო გოლის გატანა. შემდეგ პირველი ტაიმის ბოლოსკენ აზიელების კონტრიერიში შედეგიანი არ გამოდგა, რადგან სარდარ აზმუნი მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლი ვერ გაიტანა.

მეორე ნახევარი შეცდომების ფონზე წარიმართა და ყველაზე სახიფათო მომენტი გოლამდე ჰაკიმ ზიეჩმა შექმნა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და მეკარე კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ყველაფერი კი 95-ე წუთზე გადაწყდა, შეცვლაზე შემოსულმა აზიზ ბუჰადუზმა საჯარიმო დარტყმის შემდეგ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ემანუელ პეტის შემდეგ (2006) ბუჰადუზი გახდა პირველი, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა და ავტოგოლი მიითვალა.

საბოლოოდ, ირანმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სამი ქულის გემო გაიხსენა. მაროკომ კი 18-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. შემდეგ შეხვედრას მაროკო და ირანი შესაბამისად პორტუგალიასთან და ესპანეთთან 20 ივნისს გამართავენ.

მაროკო - ირანი 0:1 (0:0) VIDEO

სანკტ-პეტერბურგი, "სანკტ-პეტერბურგი"

მაყურებელი: 62,548

მაროკო (3-4-3): მუნირი, ჰაკიმი, ბენატია, საისი, ჰარიტი (და კოსტა 82), ელ აჰმადი, ზიეჩი, ბოუსუფა, ამრაბატი (ამრაბატი 76), ელ ქააბი (ბოუჰადოუზი 76), ბელჰანდა

მთავარი მწვრთნელი: ერვე რენარი

ირანი (3-4-3): ბეირანვანდი, რეზაეიანი, ჩეშმი, პოურალიგანჯი, ანსარიფარდი, ებრაჰიმი (მონტაზერი 79), ჰაჯსაფი, შოჯაეი (თარემი 67), ამირი, აზმოუნი, ჯაჰანბახში (გოდოსი 85)

მთავარი მწვრთნელი: კარლუშ კეიროში

გოლი: 0:1 ბუჰადუზი (90+5)

გაფრთხილება: შოჯაელი (10), ელ აჰმადი (34), ჯაჰანბახში (47), ანსარიფარდი (90+2)

სტატისტიკაკარისკენ დარტყმები: 13 (3) – 8 (2) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ჯუნეით ჩაკირი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ამინ ჰარიტი

0.117857