ფეხბურთი

13:35 | 14.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ციებ-ცხელების ერთი თვე

დრო 1 თვე გაჩერდება და 1 თვე ყველაფერი მის ირგვლივ იტრიალებს. კაცი, ქალი, ბავშვი, დიდი თუ პატარა – ყველას ყურადღება მისკენ იქნება მიპყრობილი. ალბათ, ძნელია ოჯახის მოძებნა, სადაც მის შესახებ არ ისაუბრებენ. 4-წლიანი ლოდინი დასრულდა და მსოფლიოს ჩემპიონატი ბრუნდება.

ვისთვის განსაკუთრებული მოლოდინია, ვისთვის – ნაკლებად. ეს გემოვნების საკითხია. ფაქტია, მუნდიალი არის ის, რაც 1 თვე ყველას აერთიანებს და ფეხბურთის თამაშიც ჩაღდება. მიდის მატჩისწინა და მატჩისშემდგომი გარჩევები და მოკლედ, კარგია.

მართლაც კარგია სანაკრებო ფეხბურთი. გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ საკლუბო ფეხბურთი ჯობს თუ სანაკრებო, ალბათ მაინც დავის საგანია. შესაძლოა, სანაკრებო ფეხბურთი უფრო ნოსტალგიურია, უფრო მეტად გვენატრება, ვიდრე – საკლუბო. მსოფლიოს ჩემპიონატი კი ნოსტალგიას აცოცხლებს და 1 თვე მაგარი თამაში მიდის.

ბევრისთვის 21-ე მუნდიალი არ იქნება ისეთი, როგორიც წინამორბედები, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი მოედანზე უნდა გამოჩნდეს. ვნახოთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს მუნდიალი იმ მაგარ სუფრას ჰგავს, რომელსაც არაფერი აკლია, თუმცა, ბედად მაგიდაზე მარილი არ დევს – ასე მგონია, უმარილო მუნდიალი იქნება. თქვენი არ ვიცი და ჩემთვის მუნდიალი ჰოლანდიისა და იტალიის ნაკრებების გარეშე მართლაც უმარილოა. თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰოლანდიელებისა და იტალიელების ბრალია, სხვა არავის. და მაინც, ჩვენზე რომ იყოს, ყველა ვთანხმდებით, რომ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე სიამოვნებით ვიხილავდით მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონსა და ტოტალური ფეხბურთის მიმდევრებს. ჰო, მარტო ამის გამო, ბევრი მიზეზია რომ უმარილო მუნდიალი გამოდგეს, მაგრამ იქნებ ასეც არ იყოს და მსვლელობისას მიიღოს კიდეც, ვინ იცის.

სხვა მხრივაც შეინიშნება მარილის ნაკლებობა – უფრო სწორად კი, ვარსკვლავების. ფეხბურთს ყოველთვის ვარსკვლავები ქმნიან საბოლოო ჯამში, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ ცოტაა. რა არის ამის მიზეზი, ვინ უწყის...

ისევე, როგორც ყველა მუნდიალს, ახლაც არიან ფავორიტები: ბრაზილია, გერმანია, ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი – ალბათ ესენი განსაკუთრებით, მაგრამ მუნდიალი სიურპრიზების გარეშე სად გაგონილა... ველოდებით ისეთი ფეხბურთელების აღმოცენებას, აქამდე, მეორე რიგებიდან რომ აგორებდნენ ბურთს. რამდენი შემთხვევა ყოფილა ასეთი მუნდიალზე? - ვინ მოთვლის.

გაილია 4 წელი და იწყება, მუნდიალი იწყება! იწყება, რუსეთისა და საუდის არაბეთის მატჩით. მოდით ვაღიაროთ და ფინალურ ეტაპზე, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უაფიშო მატჩია, მაგრამ რას ვიზამთ, მოგვიწევს მუნდიალის სტარტის აქედან აღება. სამაგიეროდ, მერეა ბევრი კარგი თამაში. მასპინძლები კონკრეტულად დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტები არიან, მაგრამ წეღან ვახსენეთ სიურპრიზები და გახსნის მატჩებშიც გვახსოვს ასეთი ფაქტები.

გახსოვს, 1990 ფრანსუა ომამ-ბიიკის გოლით კამერუნმა დიეგო არმანდო მარადონა და მისი არგენტინა 9 ფეხბურთელით რომ დაამარცხა? ან ის, 2002 წელს, სეულში, სრულიად უცნობმა სენეგალმა ჩემპიონი საფრანგეთს წომ გააწნა სილა? ჰო, მაშინ ტურნირი ჩემპიონებით იხსნებოდა, 2006 წლიდან ეს პატივი უკვე მასპინძლებს დაეკისრათ.

მუნდიალი დაიწყო, 1 თვე მასზე მასშტაბური სპორტულ სამყაროში არაფერი იქნება!

0.116479