ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ, უეფამ საინტერესო, თანაც უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და სტამბოლის “ბეშიქთაში” ფინანსურად დააჯარიმა. საინტერესო კი ამ ყველაფერში სასჯელის მიზეზია.
საქმე ისაა, რომ 2017-2018 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, როდესაც “ბეშიქთაში” “ბაიერნს” მასპინძლობდა, მოედანზე კატა შევიდა. მსაჯმა კი თამაში გააჩერა, სულ რაღაც 1 წუთით.
უეფაში მარტში მომხდარ ფაქტზე დღეს იმსჯელეს და თურქული გუნდი 34 ათასი ევროს ოდენობით დააჯარიმეს.
ეს გადაწყვეტილება კიდეც უფრო უცნაურად ჩანს იმის ფონზე, რომ უეფამ წელს სხვა გაცილებით მძიმე დარღვევებზე ნაკლები სიმკაცრე გამოიჩინა. მაგალითად, “ლივერპული” მხოლოდ 29 ათასი ევროთი დააჯარიმა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩისწინ გულშემატკივრების მხრიდან პეტარდების სროლის გამო. “ატლეტიკოს” ევროპა ლიგაზე, ასევე ქომაგთა უსაქციელობის გამო მხოლოდ 18 ათასი ევროს ჯარიმა დააკისრა, ხოლო რუსეთის ნაკრებს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ რასისტული შეძახილების გამო 25 ათასი ევროს ოდენობით დააჯარიმა.