ფეხბურთი

18:43 | 9.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - მაისის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება. შეგახსენებთ, ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გამოკითხვას 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გთავაზობთ.

სანამ ნომინანტებზე ვიტყოდეთ, წესებს შეგახსენებთ, რომელიც უცვლელია: ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. გამოკითხვა, როგორც აქამდე, ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

აპრილში ჩვენი გამოკითხვის გამარჯვებული საბა ლობჟანიძე გახდა, რომელმაც ხმების ნახევარი 51.0% მიიღო. "რანდერსის" ფეხბურთელი ჩვენმა მკითხველმა პირველად გამოარჩია. საბა ამჯერადაც გახლავთ ნომინირებული.

აქვე შეგახსენებთ, "თქვენ ირჩევთ" ყველა გამარჯვებულს: ჯანო ანანიძე (სექტემბერი 2016 წელი), ვაკო გვილია (ოქტომბერი), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერი), ლევან მჭედლიძე (დეკემბერი), ლევან მჭედლიძე (იანვარი 2017 წელი), გიორგი მაკარიძე (თებერვალი), ჯანო ანანიძე (მარტი), გურამ კაშია (აპრილი), გრიგოლ დოლიძე (მაისი), სოლომონ კვირკველია (სექტემბერი), სოლომონ კვირკველია (ოქტომბერი), როინ კვასხვაძე (ნოემბერი), სოლომონ კვირკველია (დეკემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (თებერვალი, 2018 წელი), ვაკო ყაზაიშვილი (მარტი), საბა ლობჟანიძე (აპრილი).

ახლა კი, მაისის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. გეტყვით, რომ ოთხი კანდიდატი გვყავს. ჩვენი არჩევანი ასეთია და მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელს "თქვენ ირჩევთ"... იქამდე კი გეტყვით, რომ გამოკითხვა "თქვენ ირჩევთ" ივნისსა და ივლისში არ შედგება, ვინაიდან სეზონი ამ პერიოდში არ მიმდინარეობს.

ოთარ კაკაბაძე (“ხიმნასტიკი”, ესპანეთი) – ოთარ კაკაბაძის “ხიმნასტიკმა” სეზონის ამოცანა გადაჭრა და ლა ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა. კაკაბაძემ მაისში 4 თამაში ჩაატარა, მაგრამ ნუსხაში მაინც ივნისის თვეში ნამოქმედარით მოხვდა. 2 ივნისს, ბოლო ტურში “რაიო ვალეკანოსთან” (2:0) გადამწყვეტ მატჩში ორი საგოლე პასი გააკეთა. ამჯერად გამონაკლისს ვუშვებთ და ვინაიდან ივნისში ჩვენი გამოკითხვა არ ჩატარდება, ამ თვეში უკვე მომხდარ მოვლენებსაც ვითვალისწინებთ.

გიორგი პაპუნაშვილი (“სარაგოსა”, ესპანეთი) – გიორგი პაპუნაშვილისთვის და “სარაგოსასთვის” სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ვინაიდან ლა ლიგაში გასასვლელად იბრძვიან. იქამდე, წარმატებული გამოვიდა ორივესთვის მაისის თვე. გიორგიმ სამ თამაშში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ერთი შეხვედრის მონაგარია: 20 მაისს, “ალბასეტესთან” პაპუნაშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე პასიც წაამატა მონაგარს.

გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია) – “ვიტესმა” სეზონი წარმატებულად დაასრულა და ევროპა ლიგის საგზური პლეი-ოფში გამარჯვების შედეგად მიიყვანა. გურამ კაშიამ 4 თამაში ჩაატარა გასულ თვეში და ფინალის პირველ მატჩში, შინ “უტრეხტთან” ბოლო წუთზე გამარჯვების გოლიც შეაგდო (3:2). ვინაიდან ივნისში ჩვენი გამოკითხვა არ შედგება, მაშინ საქართველოს ნაკრების ცოტა ხნის ჩატარებული მატჩებიც რომ გავიხსენოთ, კაშიას გოლმა მალტასთან გამარჯვება მოგვიტანა.

საბა ლობჟანიძე (“რანდერსი”, დანია) – წარმატებული მაისი ჰქონდა საბა ლობჟანიძეს. “რანდერსმა” დანიურ სუპერლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა, ამაში ქართველის დიდი დამსახურებაა. 23 წლის შემტევმა მაისში 4 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა (დუბლი “ჰელსინგორთან და გოლი “ლიუნგბიუსთან”).

0.166475