ფეხბურთი

19:55 | 6.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "საერთო ჯამში საქართველო უკეთესი გუნდია"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ განვლილი ორი ამხანაგური მატჩი შეაფასა. როგორც მან სფფ-ის პრესსამსახურთან საუბარში აღნიშნა, მთლიანობაში ნაყოფიერი შეკრება იყო, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გამოცდილება მიიღეს.

გარდა ამისა, განაცხადა, რომ ლუქსემბურგს თამაშით საქართველომ აჯობა და დასანანი მარცხი განიცადა:

"პირველ ტაიმში ვაკონტროლებდით თამაშს, იყო გოლის გატანის მომენტები, მაგრამ სამწუხაროდ გოლი გავუშვით მეორე ტაიმში. ისე ვეღარ ვითამაშეთ მეორე ნახევარში როგორც უნდა გვეთამაშა. მეტოქეს მიეცა შანსი, რომელიც სამწუხაროდ გამოიყენა. დასანანია ასეთი მარცხი, მაგრამ საერთო ჯამში უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. ოფიციალურ შეხვედრებში უკვე ის მოთამაშეები იქნებიან ვინც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, წინა ხაზში.

ეს შეკრება ძირითადად იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და მხოლოდ რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა ვითამაშეთ მათთან ერთად. ეს იყო მათთვის კარგი ტესტი, პოზიტიურად შევაფასებდი, მონდომებულები იყვნენ და უნდა გააგრძელონ პროგრესი, რომ ნაკრებს სამომავლოდ დაეხმარონ.
უკეთესი გუნდი ვართ და სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. თამაშში, რომელშიც უკეთესი ფეხბურთელები გყავს და უკეთესი ხარ მეტოქეზე, უნდა მოიგო", - განაცხადა კაშიამ.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 6 სექტემბერს, ერთა ლიგის ეგიდით, ყაზახეთის ნაკრებთან სტუმრად ჩაატარებს.

0.120679