ინგლისური “ლივერპულის” მეკარე ლორის კარიუსს ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერიოზული ტრავმით უთამაშია. ESPN-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალთან” მატჩის მეორე ტაიმში გერმანელმა მეკარემ სერხიო რამოსთან კონტაქტის შემდეგ ტვინის შერყევა მიიღო.
“გამოვლენილი სიპტომები აჩვენებენ, რომ მას ტვინის შერყევა ჰქონდა. ამ სახის ტრავმას შესაძლებელია გავლენა მოეხდინა მის თამაშზე”, - თქვა დოქტორმა როს ზაფონტემ.
აღსანიშნავია, რომ სერხიო რამოსმა 24 წლის გერმანელ კიპერს სახეში იდაყვი უთავაზა, თუმცა ეს მომენტი მთავარ მსაჯს გამორჩა. მომხდარიდან ორ წუთში კი, კარიუსმა უხეში შეცდომა დაუშვა და კარიმ ბენზემამ ანგარიში გახსნა. მოგვიანებით, ლორისი კიდევ ერთხელ შეცდა და ასე გადაიქცა ფინალის ანტიგმირად.
როგორც აღმოჩნდა, გერმანელმა მეკარემ მთელი მეორე ტაიმი ტრავმირებულმა ჩაატარა. თუმცა, საკითხავია, რას აკეთებდნენ “ლივერპულის” მედიკოსები?..