მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი გრანდიოზულ ღონისძიებას - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც რიგით 43-ეა. სპორტის მოყვარულებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ოლიმპიადების ისტორია.
VII ოლიმპიადა
სტოკჰოლმი, 1937 წლის 31 ივლისი - 14 აგვისტო
რიგით VII საჭადრაკო ოლიმპიადას სტოკჰოლმმა „გრანდ ოტელ როიალში“ უმასპინძლა, რომელიც სახელგანთქმული იყო ინტერიერით, შენობის მიღმა მდებარე ზამთრის ბაღებით, ულამაზესი შადრევნებით. მიუხედავად იმისა, რომ შვედი მოჭადრაკეები დიდად ვერ ანებივრებდნენ გულშემატკივრებს, მაგრამ ტურნირისადმი ინტერესი მაინც დიდი იყო.
სტოკჰოლმში 19 ქვეყნის გუნდი შეიკრიბა მთავარი პრიზისთვის საბრძოლველად. რეგლამენტი ისევ მძიმე იყო - 2 საათი და 30 წუთი 50 სვლაზე.
გუნდების შემადგენლობებში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობდა, ამის გამო იხუმრა კიდეც ამერიკელმა დიდოსტატმა მარშალმა: „ოოო, მე უკვე ვეღარ ვხედავ ბევრ ნაცნობს!“
არც ალექსანდრე ალიოხინი ყოფილა. ეს უკანასკნელი უკვე მსოფლიოს ექსჩემპიონის როლში ემზადებოდა მატჩ -რევანშისთვის, რომელიც ოლიმპიადის დასრულებიდან ორ კვირაში იწყებოდა. ამის გამო, საფრანგეთის ნაკრების დანარჩენმა წევრებმა, ჩათვალეს, რომ ალიოხინის გარეშე ოლიმპიადაზე არაფერი ესაქმებოდათ და არც ჩასულან სტოკჰოლმში.
სამაგიეროდ, ჰოლანდიის ნაკრები ჩავიდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ეივეს ხელმძღვანელობით. სტოკჰოლმში ეივემ 8 პარტია მოიგო. 3 ყაიმით დაასრულა და 2 მარცხი იწვნია.
საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა წარადგინეს ამერიკელებმა: პირველ დაფაზე 26 წლის სამუელ რეშევსკი იჯდა, მის გარდა აშშ-ს გუნდს წარმოადგენდნენ - როიბენ ფაინი, ისააკ კეჟდენი, ფრენკ მარშალი და იზრაილ გოროვიცი. ვეტერან მარშალს 60 წელი შეუსრულდა და უკვე მეხუთე ოლიმპიადა იყო მისთვის. გამოსათხოვარი გასტროლები ბრწყინვალედ დაასრულა - მთელი ტურნირიდ განმავლობაში ერთი პარტიაც კი არ წაუგია.
ამერიკელთა კონკურენტები მხოლოდ პოლონელები და უნგრელები იყვნენ.
ფავორიტებმა მართლაც რომ ბრწყინვალე სტარტი აირეს - ზედიზედ 4 მატჩი მოიგეს. მხოლოდ მეხუთე ტურში წაიფორხილეს უნგრელებთან - 2:2.
5 ტურის შემდეგ ამერიკელებს 14 ქულა ჰქონდათ, პირველ საფეხურზე კი 16 ქულით პოლონელები იყვნენ, თუმცა ტურნირის მეორე ნახევარი პოლონელმა მოჭადრაკეებმა ცუდად ჩაატარეს. მე-11 ტურში კი ამერიკელებთან 0,5:3,5 დამარცხდნენ და ჩამორჩნენ არა მხოლოდ ოკეანისგაღმელებს, ამავდროულად, უნგრელებსაც. ის კი არა, პოლონელებს კინაღამ მესამე ადგილი წაართვეს არგენტინელებმა, რომლებმაც ბოლო 4 ტურში 16 შესაძლებლიდან 15 ქულა მოაგროვეს, მაგრამ ბრინჯაოს მედლები პოლონელებს მოგებული მატჩების რაოდენობაში უპირატესობის გამო მიანიჭეს.
ოლიმპიადის გამარჯვებული წინა ტურნირებისგან განსხვავებით, ბოლო ტურში არ გამოვლენილა, რადგან ამერიკელები ბოლო ტურამდე უკვე 6 ქულით უსწრებდნენ უნგრელებს (ანდრე ლილიენტალი, ლასლო საბო, ენდრე შტეინერი, კორნელ ჰავაში და არპად ვაიდა).
VII ოლიმპიადაზე სულ 684 პარტია გათამაშდა.
გაგრძელება იქნება