ტარაგონას “ხიმნასტიკმა” სეზონის მთავარი ამოცანა გადაჭრა და ლა ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა. კატალონელებმა ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ლა ლიგაში უკვე აღზევებული “რაიო ვალეკანო” მიიღეს და 2:0 დაამარცხეს. შედეგად, “ნასტიკს” 52 ქულა გაუხდა, რაც სრულიად საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ დამდეგი სეზონი ისევ ამ ლიგაში გაატაროს.
გასახარია, რომ ჩინებული სეზონის ჩინებული დასასრული გამოუვიდა ოთარ კაკაბაძეს! ქართველმა მცველმა აღნიშნულ მატჩში ორი საგოლე პასი მიითვალა – ჯერ, მე-12 წუთზე ვასკესმა იხეირა თავით მისი კარგი ჩაწოდებით, ხოლო 31-ე წუთზე მანუ ბარეირომ ულამაზესი “მაკრატელა” შეაგდო, პასი ისევ კაკაბაძის აქტივში ჩაეწერა. ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და ხვალ უკვე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება შეკრებაზე, ხოლო 5 ივნისს, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
ზოგადად, ლა ლიგა 2-ის აწ დასრულებულ სეზონში ოთარმა 36 მატჩი ჩაატარა (3197 წუთი), 1 გოლი გაიტანა (“ბარსელონა ბ”-სთან) და 6 საგოლე პასი შეასრულა. საგულისხმოა, რომ კაკაბაძე ამ კომპონენტში თანაგუნდელთა შორის საუკეთესო გახლდათ.
თუ კაკაბაძისთვის და “ნასტიკისთვის” სეზონი დასრულდა, გიორგი პაპუნაშვილისთვის და “სარაგოსასთვის” გადამწყვეტი ფაზა წინაა. საქმე ისაა, რომ არაგონელებმა ბოლო ტურში “ბარსელონა ბ”-ს დამაცხების შედეგად (2:0), სეზონი მესამე ადგილზე დაასრულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში მოუწევთ თამაში. ბოლო ტურის მატჩში გიორგის არ უთამაშია, განაცხადშიც არ ყოფილა. ისე კი, მთლიანად სეზონში 26 თამაშში (1213 წუთი) 7 გოლი გაიტანა (ერთი ჰეთ-თრიქი) და 1 საგოლე პასი გააკეთა.
"სარაგოსა" კი პლეი-ოფის ნახევარფინალში "ნუმანსიას" ჯერ სტუმრად (6 ივნისი), მერე სახლში (9 ივნისი) დაუპირისპირდება. თუ არაგონელები აღნიშნულ ბარიერს დაძლევენ, ფინალში იასპარეზებენ, სადაც ხიხონის "სპორტინგსა" და "ვალიადოლიდს" საუკეთესოსთან მოუწევთ ლა ლიგის საგზურის გათამაშება. ფინალური ეტაპის ორმატჩიანია (13 და 16 ივნისი).