ფეხბურთი

11:15 | 2.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ყველასთან რთულია 10 ფეხბურთელით მოგება"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მალტასთან მოგებული სპარინგი (1:0) შეაფასა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით კაცნაკლული გამარჯვება ნებისმიერ მეტოქესთან რთულია.

„პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, თუმცა მომენტების რეალიზება არ გამოგვივიდა. მეორე ნახევარში მიღებულმა წითელმა ბარათმა ჩვენი გეგმები შეცვალა. ბიჭები 4-2-3 სისტემაში კარგად მოქმედებდნენ. შემდეგ ხოჭოლავა საყრდენ ნახევარმცველად გადავიყვანე. გამოჩნდა, რომ რამდენიმე მოთამაშე კლუბში 90 წუთს არ თამაშობს. 10 ფეხბურთელით ნებისმიერ გუნდთან რთულია მოგება. გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე 100 %-იანი პენალტით გავიტანეთ. გამახარა კიტეიშვილის თამაშმა, ძალიან კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა. სწორედ ასეთი უნდა იყოს დებიუტანტი, რომელსაც სურს გუნდში ადგილის დამკვიდრება. კარგი იყო ლაშა დვალი მარცხენა მცველის პოზიციაზე. მან ჩემი დავალებები ზუსტად შეასრულა.

მომდევნო მეტოქე უფრო რთულია, თუმცა მალტაც კარგი გუნდია. ლუქსემბურგთან იქნება გარკვეული ცვლილებები. მითუმეტეს მომდევნო შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელი შემოგვიერთდება“, - ციტირებს ვაისის სიტყვებს სფფ-ის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში, მალტა 1:0 დაამარცხა, ხოლო ახლა ლუქსემბურგში გადაინაცვლებს, სადაც ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს გაეჯიბრება. ეს მატჩი 5 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112782