ავტოსპორტი

3:38 | 2.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“ რიკიარდოს კონტრაქტამდე ძრავის საკითხს მოაგვარებს

„რედ ბულს“ ორი მთავარი საკითხი აქვს მოსაგვარებელი - ის თუ რომელი კომპანიის ძრავით იასპარეზებს მომავალ სეზონში და გააგრძელებს თუ არა კონტრაქტს დანიელ რიკიარდოსთან, ვისაც მიმდინარე ჩემპიონატში, ისევე როგორც ლიდერებს, ლუის ჰამილტონს და სებასტიან ფეტელს, უკვე ორი რბოლა აქვს მოგებული.

თავის მხრივ, რიკიარდოსაც გადასაწყვეტი აქვს, დარჩეს „რედ ბულში“, რომელიც ვერაფრით ახერხებს საჩემპიონო მანქანის მომზადებას, თუ სხვა ტოპ გუნდებში ეძებოს ბედი. მან ახლახანს კარიერაში მეშვიდე გამარჯვება მონაკოში იზეიმა. ავსტრალიელის ფ1-ის კარიერა სწორედ „რედ ბულთან“ არის დაკავშირებული, თუმცა მისთვის ახლა ისეთ გუნდში ყოფნაა მთავარი, რომელიც გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.

„შეიძლება თქვათ, რომ ამ გამარჯვებამ დანიელი უფრო გააძვირა, თუმცა იმავდროულად, მან გუნდის პოზიციაც გაამყარა. ახლა მთავარი ისააა, რომ მოვძებნოთ გადაწყვეტა, რომელიც მომდვნ თვეებში მასთან კონტრაქტის გაგრძელების საშუალებას მოგვცემს. აჟამად კი ჩვენი უპირველესი საზრუნავი ძრავია“, - ამბობს „წითელი ხარების“ შეფი კრისტიან ჰორნერი.

ის დასძენს, რომ გუნდისთვის ჯერ მთავარი საკითხი ძრავების კონტრაქტია. და ამ მხრივ, ხარებს დიდი არჩევანი არ აქვთ. მათ უნდა გადაწყვიტონ, ისევ „რენოსთან“ დარჩებიან, რომელიც ვერაფრით ახერხებს „მერსედესის“ და „ფერარის“ დაწევას, თუ „ჰონდასთან“ გადავლენ, რომელმაც პირდაპირ გააწამა „მაკლარენი“ და ახლა აგრეგატებით „რედ ბულის“ მეორე გუნდ „ტორო როსოს“ ამარაგებს.

კანადური ეტაპისთვის „ჰონდაც“ და „რენოც“ ახალი სპეციფიკაციის ძრავებს ამზადებენ და სწორედ იქ გამოჩნდება, რომელთან ყოფნ უფრო გამოადგება „რედ ბულს“. ასეა თუ ისე, ავსტრიული გუნდი ძრავების საკითხის მოკლე დროში გადაწყვეტას აპირებს. ფრანგული კომპანია უკმაყოფილოა იმით, რომ „რედ ბულმა“ აქამდე გადაწყვეტილება არ მიიღო. თუმცა ჰორნერი პასუხობს, რომ ორი ძრავის რეალური შედარების საშუალება ჯერ არ მისცემია.

„ყველაფერი მონაცემებზეა დამოკიდბული. ჩვენ ერთი თვის განმავლობაში მივიღებთ გადაწყვეტილებას. ივნისის ბოლოს, ან ივლისის დასაწყისში, გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. მოუთმენლად ველით მომენტს, როცა მონრეალში ამ ძრავების შედარების საშუალება მოგვეცემა“, - დასძენს ჰორნერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139065