ფეხბურთი

14:50 | 1.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლოსწინა ტესტი ერთა ლიგამდე: ჩასაბარებელი გამოცდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში დღეს მალტის ნაკრბებს სპარინგში გაეჯიბრება. ივნისის ტესტები იქნება ბოლო სამზადისი ერთა ლიგამდე, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ვლადიმირ ვაისის გუნდი დღევანდელი შეხვედრისთვის 21-კაციანი შემადგენლობით ემზადება.

ვლადიმერ დვალიშვილი გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე ჯერაც შეკრებაზეა, მაგრამ სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს და მისი თამაში სათუოა. თავის მხრივ, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია, როომლებიც სანაკრებო სიაში თავიდანვე ვერ მოხვდნენ. გარდა ამისა, ყაზახეთში მოთამაშე ლეგიონერები ეროვნულ ნაკრებს მხოლოდ ლუქსემბურგთან მატჩისწინ შეუერთდებიან. შედეგად თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დღეს “ჯვაროსნების” შემადგენლობა საკმაოდ სახეცვლილი და ახალგაზრდული იქნება. უნდა ველოდეთ რამდენიმე დებიუტსაც.

ვაისის არჩევანი

მეკარე – დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კარს სავარაუდოდ გიორგი მაკარიძე დაიცავს. უკვე დიდი ხანია, მას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ ვაისი ნდობას უცხადებს ხოლმე და ურიგოდ არ ირჯება ეროვნული ნაკრების კარის ხაზზე. აქვეა დებიუტანტი ზაურ მახარაძე, რომელსაც უფრო მეტად ლუქსემბურგთან შეხვედრაში უნდა ველოდოთ.

დაცვა – დაცვის მარჯვენა ფლანგზე ლევან გეგეჭკორის გამოჩენაა სავარაუდო. ვინაიდან, ოთარ კაკაბაძე ამჯერზე გუნდთან ერთად არაა და ხსენებულ პოზიციაზე ვაისს სხვა ალტერნატივა ამ ეტაპზე ფაქტობრივად არ აქვს. საპირისპირო ფლანგი კი, წესით ლაშა შერგელაშვილმა უნდა გაამაგროს. მაგრამ შესაძლებელია, რომ დებიუტი ჰქონდეს ლევან ხარაბაძეს, რომელიც “დინამო” თბილისში გამორჩეულ სეზონს ატარებს. დაცვის ცენტრს კი ნაცნობი დუეტი გაამაგრებს – გურამ კაშია და სოლომონ კვირკველია. მათი გამოცდილება წესით გამოუცდელ ფლანგელებს დიდად უნდა წაადგეს და დაეხმაროს.

ნახევარდაცვა – საკმაოდ მწირი არჩევანია შუა ხაზში. ბევრ ტრავმირებულთა ერთად, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი დღეს ვერ ითამაშებენ. გიორგი ჩაკვეტაძეზე კი, უკვე მოგახსენენთ. შედეგად, საყრდენი ნახევარმცველების პოზიციაზე ვაკო გვილიასა და გიორგი აბურჯანიას ველოდებით. მათ წინ კი სამი ე.წ შემტევი ითამაშებს, რომლებიც შეტევის გამწვავებას ეცდებიან და გამოკვეთილ ფორვარდთან ყველაზე ახლოს ითამაშებენ. მარჯვნიდან მარცხნივ ქართველთა შემტევი სამეული ასეთი უნდა იყოს: საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ხარაიშვილი.

ფორვარდი – ვაისს არც ფორვარდის პოზიციაზე აქვს დიდი არჩევანი. ბაჩანა არაბული, ბუდუდ ზივზივაძე, ნიკა კაჭარავა. სლოვაკი სავარაუდოდ, არჩევანს შედარებით გამოცდილ კაჭარავაზე შეაჩერებს და ნიკას მოედანზე პირველივე წუთიდან უნდა ველოდოთ.

სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): მაკარიძე; გეგეჭკორი, კაშია, კვირკველია, შერგელაშვილი; აბურჯანია, გვილია; ლობჟანიძე, კიტეიშვილი, ხარაიშვილი; კაჭარავა

დანაკლისი

საქართველოს ნაკრების დანაკლისი მეტად მძიმე და სერიოზულია. თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე, გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია, ტრავმების გამო ვერ ეხმარებიან გუნდს. ამასთან, ნაკრებში არაა ჯემალ ტაბიძე, რომელიც ვაისმა არ გამოიძახა, არადა “უფას” მცველმა წინა შეკრებაზე გოლის გატანაც შეძლო. ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა შეკრებას სწორედ დღევანდელი მატჩის შემდეგ შუერთდებიან, ხოლო ოთარ კაკაბაძე და გიორგი პაპუნაშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის სეზონის დასკვნითი ფინიშის გამო არ არიან ეროვნულ ნაკრებში. ვაკო ყაზაიშვილიც დაახლოებით იმავე მიზეზით – “სან ხოსე” ამერიკულ ლიგაში კალენდარულ მატჩებს ატარებს.

მეტოქე

მეტოქე რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ სუსტია. ამას მალტელთა ბოლოდროინდელი შედეგები მოწმობს. მაგალითად, 2013 წლიდან მოყოლებული მალტის ნაკრებს სულ რაღაც ორი მატჩი აქვს მოგებული – ლიტვასთან (2015 წელს) და უკრაინასთან (ერთი წლის წინ). მას შემდეგ რაიმონდ ფარუჯას გუნდმა მას შემდეგ 9 თამაში ჩაატარა, 7-ჯერ მარცხი განიცადა და ოდენ ორჯერ გამორჩა ფრეს. მათ შორის, სამი დღის წინ, სომხეთის ნაკრებთან – 1:1.

ისტორია

საქართველოს ნაკრებისთვის მალტა საკმაოდ ნაცნობია და პირად შეხვედრებში საგრძნობ უპირატესობასაც ფლობს: 8 მატჩი, 5 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება. პირველი დაპირისპიება 1994 წელს, ამხანაგურ მატჩში შედგა და “ჯვაროსნებმა” თემურ ქეცბაიას კინკილა გოლით მოიგეს. მეორე შეხვედრა იმავე წლის ზაფხულში გაიმართა და ამჯერზე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – 1:1.

1998 წელს, მალტის საერთაშორისო ტურნირზე საქართველომ 3:1 მოიგო. ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის რიგებში მიხეილ ყაველაშვილი დუბლით გამოირჩა, ხოლო ერთხელ თავი გოჩა ჯამარაულმა გამოიჩინა. 2006 წლის 1 მარტს, საქართველომ ისევ მიაღწია წარმატებას. ამჯერზე, 2:0 ოთარ მარცვალაძისა და ჯაბა კანკავას გოლებით.

აი, 2009 წლის 12 აგვისტოს კი, მალტამ პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად დაგვამარცხა. ამხანაგური შეხვედრა ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ 2:0მოიგო. მერე კი, ჯერი ოფიციალურ მატჩებზე დადგა. ევრო 2012-ის შესარცევ ციკლში, საქართველომ თბილისში, დავით სირაძემ მსაჯის პირველ დამატებულ წუთზე გაიტანა და თემურ ქეცბაიას გუნდმა მეტად დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა – 1:0. ამას კი, 2011 წელს სტუმრად ორი ქულის დაკარგვა მოჰყვა. ჯაბა კანკავას მე-15 წუთზე გატანილი გოლი მიფსუდიმ 25-ე წუთზე გაქვითა.

ბოლო დაპირისპირება კი 2015 წლის 25 მარტით თარიღდება. თბილისში, ჯაბა კანკავამ და ვაკო ყაზაიშვილმა მატჩის ბოლო 10 წუთში მოახერხეს მეტოქის გატეხვა. ერთი საინტერესო დეტალი – საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაკბა კანკავას, ეროვნულ ნაკრებში 7 გოლი აქვს გატანილი და აქედან სამჯერ სწორედ მალტა დაამწუხრა.

სერია, ხასიათი

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგისთვის მზადების დასკვნით პროცესშია. ვლადიმირ ვაისის გუნდს ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. მართალია, ოთხივე სპარინგის ხასიათის შეხვედრ იყო, მაგრამ აღსანიშნავია. აქამდე, არაერთხე გაჟღერდა, რომ მთავარია, ერთა ლიგამდე გამარჯვებული ხასიათისა და მენტალიტეტის შექმნა. ჰოდა, აქეთკენ ნამდვილად მიდიან “ჯვაროსნები”. რაც მთავარია, ბოლო ორ სპარინგში თამაშის ხარისხიც ჩინებული გახლდათ.

იმედია, ასე იქნება დღესაც და 5 ივნისსაც. მერე კი, დაველოდებით სექტემბერს და რაც მთავარია, იმედს ვიტოვებთ, რომ ერთა ლიგის სტარტს ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი დანაკლისის გარეშე შეხვდება. თორემ, ახლა რამხელა დანაკლისიც აქვს ვლადიმირ ვაისს, ზემოთ გამცნეთ და ეს სასიამოვნო სულაც არ გახლავთ.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და მალტის ნაკრებთა მატჩი დღეს, ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეა დაგეგმილი.

0.067999