ჭადრაკი

16:30 | 30.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონიდან ბათუმამდე (V ნაწილი)
საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი გრანდიოზულ ღონისძიებას - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც რიგით 43-ეა. სპორტის მოყვარულებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ოლიმპიადების ისტორია.

VI ოლიმპიადა

ვარშავა, 1935 წლის 16-31 აგვისტო

პოლონეთის დედაქალაქში, საჭადრაკო ოლიმპიადაზე საასპარეზოდ 20 გუნდი ჩავიდა, რაც წინა ტურნირებთან შედარებით რეკორდული რაოდენობა აღმოჩნდა. იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ ყოველდღიურად მაყურებელთა რაოდენობა 2 ათასს აჭარბებდა.

ბევრი ახალგაზრდა მოჭადრაკე გამოჩნდა ვარშავაში - კერესი, შტალბერგი, ბეკი და ფაინი თავიანთი ქვეყნების პირველ დაფებზე იჯდნენ. მეორე დაფებზე თამაშობდნენ ბოლბოჩანი, ლილიენტალი, ფრიდმანი...

პოლონეთში აშშ-ს ნაკრები კეჟდენისა და რეშევსკის გარეშე ჩავიდა, - რის გამოც ოლიმპიადების ორგზის გამარჯვებულებს ფავორიტებს აღარ აკუთვნებდნენ. ამით იყო გამოწვეული მათი მარცხი მესამე და მეოთხე ტურში უნგრელებთან (1:3) და შვედებთან (1,5:2.5), თუმცა საბრძოლო განწყობა ამერიკელებმა მაინც შეინარჩუნეს ბოლომდე.

ტურნირის დასაწყისში გმირებად მოევლინენ შვედი მოჭადრაკეები. მათ რუმინელებს მოუგეს 4-0 მოუგეს, მეექვსე ტურისთვის შვედეთის ნაკრები დაწინაურდა. ისინი ნელნელა ზრდიდნენ სვაობას უახლოეს მდევრებთან,

11 ტურის შემდეგ შვედეთის ნაკრებს უნგრელები 3,5 ქულით ჩამორჩებოდნენ, ამერიკელები - 4-ით, ხოლო პოლონელები და ჩეხები - 5-5 ქულით.

და მაინც, შვედებმა ვერ შეძლეს პირველი საფეხურის შენარჩუნება - ისინი ერთნაირი ანგარიშით 0 1,5:2,5 ჯერ იუგოსლავიელებთან დამარცხდნენ, შემდეგ - პოლონელებთან. მე-15 ტურისთვის შეჯიბრების ლიდერებს მასპინძლები წამოეწივნენ. მათ მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩებოდა აშშ-ს ნაკრები.

ამის შემდეგ, ამერიკელებმა აშკარად მოუმატეს თამაშს და შეჯიბრების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გადაუსწრეს კონკურენტებს, ოკეანისგაღმელებმა ბოლო ტურში ინგლისელებთან „წაიბორძიკეს“, მაგრამ ოქროს მედლების შემცილებლები აღარავინ ჰყავდათ.

ამერიკელთა ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღოდა მეოთხე დაფაზე მოთამაშე არტურ დეიკს, რომელმაც 18 შესაძლებლიდან 15,5 ქულა ჰქონდა. მან მხოლოდ ერთ დღეს არ ითამაშა - პოლონეთის ნაკრებთან. ალბათ იმიტომ, რომ დეიკი წარმოშობით პოლონელი იყო და მისი ნამდვილი გვარი დაკოვსკი გახლდათ.

ამერიკელთა სრული შემადგენლობა ასეთი იყო: როიბენ ფაინი, ფრენკ მარშალი, აბრაჰამ კუპჩიკი, არტურ დეიკი და ისრაელ გოროვიჩი.

მძაფრი ბრძოლა მიმდინარეობდა მეორე ადგილისათვის. დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პოლონელები ერთი ქულით უსწრებდნენ შვედებს. ბოლო ტურში გუნდები აშკარად არათანაბარ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. პოლონელები ეთამაშებოდნენ იუგოსლავიის ძლიერ გუნდს, ხოლო შვედეთის ნაკრებს სუსტი მეტოქე ჰყავდა აუტსაიდერი პალესტინის სახით.

შვედებმა იმარჯვეს 3-1, ხოლო პოლონელები დამარხდნენ 1,5:2,5. საბოლოოდ, შვედებს (გიდეონ შტალბერგი, გესტა შტოლცი, ერიკ ლუნდინი, გესტა დანიელდსონი და ერნსტ ლარსონი) ვერცხლის მედლები ხვდათ წილად, - ასეთი შედეგისათვის შვედეთის ნაკრებს აღარ მიუღწევიათ.

მესამე ადგილის დაკავებით, პოლონელები (საველი ტარტაკოვერი, პაულინო ფრიდმანი, მეჩისლავ ნაიდორფი, ჰენრიკ ფრიდმანი და კაზიმეჟ მაკარჩიკი) უკმაყოფილონი დარჩნენ, - მასპინძლებს „საკუთარ კედლებში“ ჩემპიონის ტიტული სურდათ...

პირად შედეგებს რაც შეეხება, ტურნირი დაუმარცხებლად განვლო 8 მოჭადრაკემ, რომელთა შორის იყვნენ ალიოხინი, ფლორი და ლილიენტალი.

უნდა აღინიშნოს, რომ ვარშავაში ჩვეულ ფორმაში ვერ გახლდათ ალიოხინი, მან რამდენიმე პარტიაში წაგებას დააღწია თავი. ეს მისთვის დამაფიქრებელი მომენტი იყო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის მატჩის წინ, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა შემდგარიყო ეივესთან.

ეს უკანასკნელი ვარშავაში საერთოდ არ ჩავიდა, ემზადებოდა რა ალიოხინთან შესახვედრად.

ოლიმპიადაზე სულ 760 პარტია გათამაშდა.

გარდა ამისა, ოლიმპიადის პარალელურად, ტრადიციად ქცეული ქალთა პირადი ტურნირი ჩატარდა - მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კვლავ ვერა მენჩიკს დარჩა.

გაგრძელება იქნება

0.119214