რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის “ბაიერნს” ტოვებს. ეს ინფორმაცია პოლონელი ფორვარდის აგენტმა პინი ზაჰავიმ Sport Bild-თან საუბარში დააანონსა. აგენტის თქმით, მის კლიენტს ახალი გამოწვევა სჭირდება.
"ლევანდოვსკის მოტივაცია დაკავშირებული არაა ფულთან ან რომელიმე კონკრეტულ გუნდთან. უბრალოდ, მსოფლიოში გამორჩეული ფორვარდის შეძენა ყველა დიდ გუნდს სურს. რობერტი გრძნობს, რომ კარიერაში ახალი გამოწვევა სჭირდება და ამის შესახებ "ბაიერნის" ხელმძღვანელობა უკვე ინფორმირებულია”, - აღნიშნა ზაჰავიმ.
ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას 30 წლის შემტევი. შეგახსენებთ, ლევანდოვსკი “ბაიერნს” 2014 წელს “დორტმუნდიდან” შეუერთდა და 194 შეხვედრაში 151 გოლის გატანა მოახერხა.