ძიუდო

23:02 | 29.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

სპორტულმა კომისიამ დავით ქევხიშვილს ნდობა გამოუცხადა

"ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ” – განაცხადა დღეს საღამოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და დავით ქევხიშვილის გადადგომის მომთხოვნ ძიუდოისტებს სიტუაციის შემსწავლელი სპორტული კომისიის იმედიც გადაუწურა. ქართული სპორტის მმართველი ორგანოების მაღალჩინოსნებით დაკომპლექტებულმა კომისიამ დასკვნითი, დახურული სხდომა დღეს სწორედ სამინისტროში გამართა. მასში მონაწილეობას ვეტერან ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელიც იღებდა, რომელიც პარლამენტის სპორტის კომიტეტს წარმოადგენდა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან ერთად. ხაბარელმა სხდომა დასრულებამდე დატოვა. აშკარა იყო, კომისიის წევრთა საბოლოო გადაწყვეტილებით აღშფოთებულმა.

ხაბარელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სხდომაზე ქევხიშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერი და მფარველი, პარლამენტარი თამაზ ნავერიანი ცდილობდა სიტუაციის არევას და იქვე დასძინა, რომ ნავერიანის გარდა, ამ პროცესის არასწორი გზით წაყვანით სხვა პირებიც არიან დაინტერესებულნი, რომელთა შესახებაც უახლოეს მომავალში, მმართველ გუნდში ისაუბრებს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ფედერაციეს პრეზიდენტის გადადგომას ისევ მოითხოვენ. ხოლო მათი უმრავლესობა კი პროტესტის ნიშნად, ვარჯიშსა და შეჯიბრებებში მონაწილეობაზეც უარს აცხადებს. ტიტულოვანი სპორტსმენების - ვარლამ ლიპარტელიანისა და ავთანდილ ჭრიკიშვილის განცხადებით, ისინი უკან დახევას არ აპირებენ და მზად არიან, კარიერაც კი დაასრულონ, თუ ქევხიშვილის მფარველები უკან არ დაიხევენ.

მინისტრმა დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა, რაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ალბათ გამორიცხულია.

0.16641