ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინგლისის “ლივერპულთან“ გამარჯვებით მადრიდის “რეალმა“ კლუბის ისედაც დიდ ისტორიაში ახალი ოქროს ფურცლები ჩაწერა და ეს ამბები არამხოლოდ მადრიდელ, ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის ქომაგებს ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ. თუმცა, ამ თამაშის არსი ამჯერად სულ სხვა კუთხით გვაინტერესებს.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ევროპაში ყველაზე მეტი ქალი გულშემატკივრები კატალონიის “ბარსელონას“ ყავდა, თუმცა როგორც ჩანს, მადრიდულმა კლუბმა მათ საძულველ მეტოქეს სხვა ყველაფერთან ერთად ამაშიც აჯობა და სტატისტიკოსების გამოთვლით, გასულ შაბათს ჩატარებული ფინალის დროს “რეალს“ აქამდე არნახულად ბევრი ქალბატონი ქომაგობდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ბედნიერ ხალხზე, რომლებმაც ფინალს კიევის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნებიდან უყურეს.
ზოგადად, ბოლო წლებში ქალებმა ფეხბურთის სიყვარულსა და სტადიონებზე სიარულს რომ მრავალ ქვეყანაში მოუხშირეს - ეს დადასტურებული ფაქტია. მადრიდის “რეალისთვის“ კი ევროპის საფეხბურთო სამყაროში მრავალმხრივი ჰეგემონიის გასამყარებლად ქალ ქომაგთა ყველაზე დიდი არმიის ყოლა ერთგვარი პრესტიჟის საქმეცაა. ტიტულმრავალ მადრიდელებს ტრფიალებაზე დღეს უარს აბა ვინ ეტყვის?!...