ფეხბურთი

16:20 | 29.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დე ვრეის სკანდალური განცხადება: "ინტერის" წინააღმდეგ თამაში არ მინდოდა"

რომის “ლაციოს” აწ უკვე ყოფილი მცველი სტეფან დე ვრეი, რომელიც 1 ივლისიდან მილანის “ინტერის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება, სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ჰოლანდიელი მცველის თქმით, იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში “ლაციოსა” და “ინტერის” მატჩში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი იყო, რომაელთა რიგებში თამაში არ სურდა.

“არ მინდოდა “ინტერის” წინააღმდეგ თამაში. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას ვუთხარი კიდეც, რადგან ვგრძნობდი, რომ არ შემეძლო ამ მატჩში კარგად მეთამაშა. თუმცა, მათ სურდათ, რომ მე მოედანზე ვყოფილიყავი.

ყველა, ვინც მიცნობს, იცის, რომ ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო თამაშის დროს, მაგრამ არ ვიცი, ამის იტალიაში სჯერათ თუ არა.

დიახ, “ინტერთან” 5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და მჯერა, რომ ჩემი კარიერა უფრო განვითარდება”, - განაცხადა დე ვრეიმ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში “ლაციო” “ინტერს” დაუპირისპირდა და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ მილანელებმა 3:2 მოიგეს და მეოთხე ადგილზე თავად გავიდნენ. დე ვრეი კი ამ მატჩში “ლაციოს” ღირსებას იცავდა, თუმცა ყველამ იცოდა, რომ “ინტერის” ფეხბურთელი ხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ 79-ე წუთზე, როდესაც “ლაციალე” 2:1 იგებდა, სწორედ დე ვრეიმ წააქცია საჯარიმოში მაურო იკარდი, რასაც პენალტი და გოლი მოჰყვა სიმონე ინძაგის გუნდის კარში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113586