მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი გრანდიოზულ ღონისძიებას - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც რიგით 43-ეა. სპორტის მოყვარულებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ოლიმპიადების ისტორია.
V ოლიმპიადა
ფოლკსტონი (ინგლისი), 1933 წლის 12-23 ივნისი
თავიდან რიგით მეხუთე ოლიმპიადის ჩატარება ესპანეთში იყო დაგეგმილი, მაგრამ ესპანელებმა ფინანსური პრობლემები მოიმიზეზეს და მასპინძლობაზე უარი თქვეს. ამის შემდეგ, 1932 წელს. ფიდეს კონგრესზე, ამერიკელებმა წამოაყენეს ჩიკაგოს კანდიდატურა. ფიდემაც მხარი დაუჭირა.
ოლიმპიადის მზადებასთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მოდიოდა შეერთებული შტატებიდან, არც ფიდეს მიერ გაგზავნილ შეკითხვებზე უპასუხეს. ბოლო მომენტში ამერიკიდან საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას აცნობეს, რომ ტურნირი ჩიკაგოში ვერ ჩატარდებოდა.
უკანასკნელ მომენტში პასუხისმგებლობა ინგლისელებმა აიღეს საკუთარ თავზე და 1933 წლის ივნისში ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ფოლკსტონში ჩატარდა მეხუთე საჭადრაკო ოლიმპიადა. განაცხადი 18 გუნდს ჰქონდა წარმოდგენილი, თუმცა იმის გამო, რომ ოლიმპიადის ჩატარების ადგილმა და დრომ გადმოიწია, ინგლისში 15 ნაკრები ჩავიდა. საინტერესოა, რომ მონაწილე ქვეყნების ფედერაციის უმრავლესობას აღარც სჯეროდა, რომ ოლიმპიადა შედგებოდა.
ფავორიტებად უნგრეთის, პოლონეთისა და აშშ-ს ნაკრებებს მიიჩნევდნენ. მათ გარდა, ძლიერი მოჭადრაკეებით იყო დაკომპლექტებული ჩეხოსლოვაკიის, ავსტრიისა და შვედეთის გუნდები.
თავიდანვე ამერიკელები დაწინაურდნენ, ისინი დიდი სხვაობით ამარცხებდნენ მოწინააღმდეგეებს. მათ ფეხდაფეხ მისდევდნენ ჩეხები. უკანასკნელი ტურის წინ ოკეანისგაღმელები 37,5 ქულით იყვნენ პირველ საფეხურზე. მათ 2,5 ქულით ჩამორჩებოდნენ ჩეხები. ამ უკანასკნელთ პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდათ ვერცხლის მედლები. ჩემპიონობას იმ შემთხვევაში მოიპოვებდნენ, თუ ამერიკელებთან შეხვედრაში მინიმუმ 3,5 ქულას აიღებდნენ.
ჩეხმა მოჭადრაკეებმა სამ დაფაზე 2,5 ქულა აიღეს აშშ-ს გუნდთან გადამწყვეტ შეხვედრაში: სალომონ ფლორმა ისააკ კეჟდენი დაამარცხა, კარეს ოპოჩენსკიმ - ალბერტ სიმონსონს აჯობა. დაზავდნენ როიბენ ფაინი და იოზეფ რეი-ფირჟი. ყველაფერი უნდა გადაეწყვიდა ამერიკელი ვეტერანის ფრენკ მარშალისა და ჩეხი კარელ ტრეიბალის პარტიას. საბოლოოდ ვეტერანმა იმარჯვა და თასი ამერიკელებს დარჩათ.
ჩეხებისათვის მეორე ადგილიც დიდი მიღწევა იყო. მის რიგებში მოთამაშე ოპოჩენსკიმ აბსოლუტური შედეგი აჩვენა.
ბოლო ტურისათვის მესამე ადგილის დაკავების შანსი შვედებს ჰქონდათ. მათი კონკურენტები პოლონელები და უნგრელები იყვნენ. ბოლო ტურში შვედებმა არადამაჯერებლად ითამაშეს ლატვიელებთან - მხოლოდ 0,5 ქულა აიღეს. უნგრელებმა ფრედ დაასრულეს შეხვედრა ინგლისელებთან, პოლონელებმა კი მშრალზე დატოვეს ისლანდიელები. მოხდა ისე, რომ შვედეთის, პოლონეთისა და უნგრეთის ნაკრებებს ქულათა თანაბარი რაოდენობა დაუგროვდათ. საბოლოოდ მესამე ადგილი შვედებს მიეკუთვნათ (ჰიდეონ შტალბერგი, გესტა შტოლცი, ერიკ ლუნდინი და კარლ ბერნსტონი).
ოლიმპიადაზე ხანგრძლივი გასტროლების შემდეგ დაღლილი ჩავიდა ალექსანდრე ალიოხინი, ამიტომაც იყო, რომ ის მეორე ტურში ტარტაკოვერთან დამარცხდა.
ალიოხინისათვის გარდამტეხი იყო შეხვედრა ინგლისის წარმომადგენელ ინდოელ სულთან-ხანთან. პარტიამ ჯამში 11 საათს გასტანა და ალიოხინის გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ დამაჯერებლად ათამაშდა ალიოხინი.
ახალი სახელებიც გაისმა ამ ოლიმპიადაზე, რომელთაგან დიდი ყურადღება უნგრელი მოჭადრაკემ ლილიენტალმა მიიქცია. სულ ოლიმპიადაზე 420 პარტია გათამაშდა.
ოლიმპიადის პარალელურად მიმდინარე ქალთა პირად პირველობაზე კვლავ ვერა მენჩიკმა გაიბრწყინა, რომელმაც ყველა - 14 პარტია მოიგო.
გაგრძელეა იქნება