სეკივაკე ტოჩინოშინმა მაისის ბაშო გამარჯვებით და თერთმეტქულიანი დადებითი ბალანსით (13:2) დააგვირგვინა, მაგრამ "იმპერატორის თასის” მოსაპოვებლად ეს შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა. დღეს ქართველმა სეკიტორიმ მეხუთე მაეგაშირა იკიოის წინააღმდეგ მარჯვენა ხელის საკმაოდ მძიმე ტრავმით იჭიდავა, მაგრამ მეტოქეს მაინც იორიკირით აჯობა. ლევან გორგაძე საბოლოოდ ქულით ჩამორჩა მონღოლ იოკოძუნა კაკურიუს, რომელმაც დღესვე, კიდევ ერთი მონღოლი იოკოძუნას – ჰაკუჰოს ძლევით მეთოთხმეტე ქულა აიღო. არადა იოკოძუნების ჯახი ჰაკუჰოს რომ მოეგო, ჩემპიონის გამოსავლენად ტოჩინოშინსა და კაკურიუს შორის დამატებითი ბრძოლა დაინიშნებოდა.
ქართველმა სეკიტორიმ მაისის სუპერტურნირზე ორი ჯილდო მაინც მიიღო: გინოშო და კანტოშო. პირველი ტექნიკურად ჭიდაობისთვის და მეორე – მებრძოლი სულის გამოვლენისთვის. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ გორგაძემ გაინაღდა სუმოს იერარქიის მეორე საფეხური - ოძეკის წოდება. ოფიციალურად ეს მას შემდეგ მოხდება, რაც სუმოს კომიტეტი შეიკრიბება.
რანგით მეორე ჯურიო ლიგაში გაგამარუს შიკონათი მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელმა კი მაისის ბაშო 4 მოგებით და 11 წაგებით დაასრულა და მომდევნო სუპერტურნირს შედარებით დაბალი წოდებით ჩაატარებს.