მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი გრანდიოზულ ღონისძიებას - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც რიგით 43-ეა. სპორტის მოყვარულებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ოლიმპიადების ისტორია.
IV ოლიმპიადა
პრაღა, 1931 წლის 11-26 ივლისი
1929 წელს დაწყებულმა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრი ქვეყანა ჩაითრია. ეს ჭადრაკზეც აისახა - საგრძნობლად შემცირდა საერთაშორისო ტურნირების რაოდენობა. 1930 წელს, ჰამბურგში გამართულ ფიდეს კონგრესზე, რიგით მეოთხე საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქად ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა დაასახელეს. საინტერესოა, რომ მასპინძლობის სურვილი უნგრელებმაც გამოთქვეს, მოიშველიეს არგუმენტად ის, რომ პირველი სამი ოლიმპიადიდან ორში უნგრეთის გუნდმა იმარჯვა. საბოლოოდ ჩეხებს მიანიჭეს უპირატესობა, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნის საჭადრაკო კავშირს დაარსებიდან 50 წელი უსრულდებოდა სწორედ 1931 წელს.
ჩეხები მონდომებით მოემზადნენ ოლიმპიადისათვის. თამაშების ჩასატარებლად პრაღაში მდებარე კაფე „უ ნოვაკას“ დარბაზი შეარჩიეს, რომელიც 800 მაყურებელზე მეტს იტევდა.
წინა სამ ოლიმპიადასთან შედარებით, პრაღაში გუნდების რეკორდული რაოდენობა (19) იყო წარმოდგენილი. შემადგენლობებიც მნიშვნელოვნად იყო გაძლიერებული. საფრანგეთის ნაკრების თავკაცად ისევ ალექსანდრე ალიოხინი მოევლინა, გერმანიის გუნდს - ეფიმ ბოგოლიუბოვი (ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი გამოსვლა ასეთი რანგის ტურნირში), ავსტრიის ნაკრებს კი გრიუნფელდ-შპილმანის დიდოსტატური დუეტი ამშვენებდა.
რეგლამენტი კვლავ მძიმე იყო - ყოველდღიურად ორი ტური ტარდებოდა და ხშირად მოთამაშეები დღეში 10 საათს ატარებდნენ ჭადრაკის დაფასთან.
ტურნირის ნახევარმა ისე განვლო, რომ ძნელი იყო იმის პროგნოზირება, თუ რომელი გუნდი დაიკავებდა პირველ ადგილს - მთავარ პრიზზე 8 გუნდი აცხადებდა პრეტენზიას. ჯერ პოლონელები დაწინაურდნენ, შემდეგ ამერიკელები, მეექვსე ტურში ინგლისელებმა იგდეს ხელთ პირველი საფეხური, მეორე დღეს კი ისევ პოლონელებმა დაიბრუნეს ლიდერობა.
მეცხრე ტურში უკვე ლატვიის გუნდი გაიჭრა წინ.
დაძაბული გამოდგა ფინიში. ჯერ ლატვიელები გამოეთიშნენ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას, შემდეგ გერმანელებს უმტყუნა ბედმა...
ბოლო ტურის წინ სატურნირო მგდომარეობა ასეთი იყო: აშშ - 46 ქულა, პოლონეთი - 45, იუგოსლავია - 44,5, ჩეხოსლოვაკეთი - 44, ავსტრია - 43,5 და ა.შ.
მძიმე რეგლამენტი ხელს აძლევდა ახალგაზრდა მოჭადრაკეებს, ეს ამერიკელებზე ითქმოდა უფრო.
გადამწყვეტ ტურში, ამერიკელები და პოლონელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ერთქულიანი გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ოლიმპიური თასი პოლონელებს მიჰქონდათ ვარშავაში.
ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ, მოჭადრაკეები შესვენებაზე რომ გავიდნენ, ანგარიში 1,5:0,5 იყო პოლონელთა სასარგებლოდ (რუბინშტეინმა მოუგო კეჟდენს, ხოლო ტარტაკოვერმა ყაიმით დაასრულა პარტია მარშალთან)
ორი პარტია იყო დასამთავრებელი: გოროვიცისა (აშშ) - პშეპიურკას (პოლ) პოზიცია საყაიმოდ აფასებდნენ, ხოლო მეოთხე დაფაზე მაკარჩიკი (პოლ) უპირატესობას ფლობდა სტეინერთან (აშშ).
საბოლოოდ პშეპიურკამ შეცდომა დაუშვა და წააგო, ხოლო სტეინერმა ყაიმს მიაღწია. მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა და ჰამილტონ-რასელის თასი ამერიკელებს (ისააკ კეჟდენი, ფრენკ მარშალი, არტურ დეიკი, იზრაელ გოროვიცი, გერმან სტეინერი) დარჩათ. მეორეზე პოლონელები გავიდნენ (აკიბა რუბინშტეინი, საველი ტარტაკოვერი, დავიდ პშეპიურკა, კაზიმეჟ მაკარჩიკი, პაულინო ფრიდმანი).
საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ასპარეზობა ამ ოლიმპიადაზე მასპინძლებისათვის. ბოლო ტურში, დაძაბულ ბრძოლაში მათ 2,5:1,5 დაამარცხეს ავსტრიის ძლიერი ნაკრები და მესამე ადგილზე აღმოჩნდნენ.
პრაღაში სულ 684 პარტია გათამაშდა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: პრაღის ოლიმპიადაზე პირველად აკრძალეს დაფებზე მოჭადრაკეთა გადაადგილებები. ეს უკვე იძლეოდა დაფების მიხედვით საუკეთესო მოჭადრაკეთა გამოვლენას.
გაგრძელება იქნება