ახლა უკვე ოფიციალურად კარლო ანჩელოტი “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელია. როგორც იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 58 წლის სპეციალისტმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში ანაზღაურების სახით 6.5 მილიონ ევროს მიიღებს:
“საფეხბურთო კლუბი “ნაპოლი” გამცნობთ, რომ კარლო ანჩელოტისთან შეთანხმება მიღწეულია და 2018-2019 წლების სეზონიდან მთავარი მწვრთნელი იქნება”, - ნათქვამია განცხადებაში.
კარლო ანჩელოტის აქამდე “პარმაში” “იუვენტუსს” და “მილანში” უმუშავია, რომელიც 2009 წელს დატოვა და ეს მისი პირველი დაბრუნებაა სამშობლოში. ბოლო 9 წელიწადში კი “ჩელსის”, პსჟ-ს, “რეალსა” და “ბაიერნს” ედგა სათავეში.
რაც შეეხება აწ უკვე ყოფილ თავკაც მაურიციო სარის, რომელიც ნეაპოლიტანელებს 2015 წლიდან წვრთნიდა, მას აურელიო დე ლაურენტისმა მადლობა გადაუხადა:
“მადლობას ვუხდით მაურიციო სარის დიდებული სამუშაოსთვის, რომელიც “ნაპოლიში” გასწია. მან შექმნა შესანიშნავი სათამაშო სტილი. ყოჩაღ მაურიციო”, - დაწერა სოციალურ ქსელში “ნაპოლის” პრეზიდენტმა.
მაურიციო სარის იტალიურ მედიაში ლონდონის "ჩელსისა" და სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" უკავშირებენ.