მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი გრანდიოზულ ღონისძიებას - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც რიგით 43-ეა. სპორტის მოყვარულებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ოლიმპიადების ისტორია.
დასაწყისი
ჭადრაკის ისტორიაში პირველი საერთაშორისო ტურნირი 1851 წელს მოეწყო, თუმცა ეს პირადი პირველობა იყო, მანამდე კი გუნდური შეჯიბრიც ყოფილა, კერძოდ, ედინბურგ-ლონდონისა (1827-1829) და ბუდაპეშტ-პარიზის (1842-1845) მოჭადრაკეთა შორის.
უფრო გვიან, 1893 წელს ლონდონისა და პარიზის გუნდების რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და იმდროინდელ პრესაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ხშირად იმართებოდა ჰოლანდია-გერმანიის, ინგლის-ჰოლანდიისა და შვედეთ-დანიის ნაკრებთა შეხვედრები.
გუნდური შეჯიბრებების განვითარებას ხელი შეუშალა პირველმა მსოფლიო ომმა. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის 20-იანი წლებიდან ისევ განახლდა გუნდური საჭადრაკო პაექრობები. ამავე დროს მიდიოდა მუშაობა, ამგვარი შეჯიბრებების ოფიციალურ ჩარჩოში მოქცევისათვის. ამ მუშაობის შედეგი ის იყო, რომ 1924 წელს, პარიზში ზაფხულის მერვე ოლიმპიურ თამაშებში ჭადრაკიც შეიტანეს, თუმცა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას ასეთი პრინციპი ჰქონდა - ტურნირში მონაწილეობა მხოლოდ მოყვარულებს უნდა მიეღოთ. ასე, რომ პროფესიონალთა სიაში მოხვდნენ გამოჩენილი მოჭადრაკეები - ალიოხინი, ტარტაკოვერი, (რომლებსაც პუბლიცისტისა და ჟურნალისტის სტატუსები ჰქონდათ), ელექტროტექნიკის პროფესორი ვიდმარი, ექიმი ტარაში და ა. შ.
პარიზში 18 ქვეყნის 54 მოჭადრაკე ჩავიდა. მათ ოლიმპიური ფიციც კი დადეს. გამარჯვებულთათვის და პრიზიორებისათვის ოლიმპიური მედლები იყო დაწესებული.
შეჯიბრება პირად-გუნდური იყო. 54 მონაწილე 9 ჯგუფში გაანაწილეს. წესების თანახმად. ჯგუფებში გამარჯვებულები იასპარეზებდნენ ფინალურ ეტაპზე, რომელშიც გამარჯვებული ოფიციალურად მიიღებდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის. ცხადია, ასეთი ტიტული ისეთივე სრულყოფილი არ იყო, როგორსაც იმ დროისათვის ფლობდა ხოსე რაულ კაპაბლანკა.
ფინალურმა ტურნირმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. პირველი ადგილი ლატვიელმა მოყვარულმა გ. მატისონმა დაიკავა 5.5 ქულით. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩა მისი თანამემამულე ა. აპნეშიეკი. უკან დარჩნენ კოლე (ბელგია), ეივე (ბელგია) და ა.შ.
რთული გამოდგა გუნდური შედეგების დათვლა, რადგან, ზოგი ქვეყანა 4 მოჭადრაკით იყო წარმოდგენილი, ზოგი - მხოლოდ 1.
საბოლოოდ პირველი ადგილი ჩეხეთის გუნდმა დაიკავა 31 ქულით (გრომადკა, შულცი, ვანეკი და სკალიჩკა). მეორეზე უნგრელები გავიდნენ 30 ქულით, ხოლო მესამეზე - შვეიცარიელები - 29.
ბატალიები 20 ივლისს დასრულდა, 3 დღის შემდეგ კი დასაბამი მიეცა ახალ, დიდ საჭადრაკო ერას - 1924 წლის 23 ივლისს, პარიზში დაარსდა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (ფიდე) რომლის დევიზი იყო - „ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“. ორგანიზაციის პირველ პრეზიდენტად ჰოლანდიელი ალექსანდრ რიუბი აირჩიეს. ამიერიდან ყველა საჭადრაკო საერთაშორისო ტურნირი ფიდეს ჩარჩოში მოექცა.
1926 წელს, იყო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების მცდელობა, მაგრამ არ გამოვიდა, - მხოლოდ ოთხთა ტურნირი გაიმართა უნგრელი, იუგოსლავიელი, რუმინელი და გერმანელი მოჭადრაკეების მონაწილეობით. უნგრელებმა იმარჯვეს 9 ქულით, გამარჯვებულს ქულით ჩამორჩნენ იუგოსლავიელები, რუმინელებმა 5 ქულა მოაგროვეს, ხოლო გერმანელებმა - მხოლოდ 2.
და მაინც, ამ მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ მოხერხდა პირველი ოლიმპიადის ჩატარება...
პირველი ოლიმპიადა
ლონდონი, 1927 წლის 18 - 29 ივლისი
პირველ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას ლონდონმა უმასპინძლა. ტურნირის ორგანიზატორები ფინანსურ პრობლემებს წააწყდნენ - სულ 2 000 ფუნტი სტერლინგით დაფინანსდა შეჯიბრი. მონაწილეობა მიიღეს ისეთმა პროფესიონალებმა, როგორებიც იყვნენ - რეტი, გრიუნფელდი, მაროცი, ტარაში, კოსტიჩი, მიზესი და სხვები. თამაშები ინგლისის პარლამენტის „ვესტმინსტერ ცენტრალ ჰოლის“ დარბაზში მიმდინარეობდა.
რთული იყო რეგლამენტი: ყოველ ორ დღეში სამი ტური, 30 სვლა საათნახევარში და კიდევ 10 სვლა - ნახევარ საათში, გადადებული პარტიის დასრულების თარიღს მსაჯები ნიშნავდნენ.
16 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. განაცხადების წარდგენის დაგვიანებისათვის უარი ეთქვათ რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, აშშ-სა და პოლონეთს.
ფავორიტებად იუგოსლავიის გუნდს მიიჩნევდნენ, მაგრამ ისინი პირველივე ტურში უნგრელებმა გაანადგურეს - 4-0. ყველასათვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო დანიის გუნდი თეორეტიკოს კრაუზეს თავკაცობით. დანიელები შეჯიბრების მიწურულს წამოეწივნენ ლიდერ უნგრელებს, მაგრამ დასკვნით ტურში ფრედ დაასრულეს შეხვედრა ბელგიელებთან, ხოლო უნგრელებმა ესპანელებს აჯობეს. უნგრეთის ნაკრების ლიდერს დიდოსტატ მაროცის ჰამილტონის ლორდ რასელის მიერ დაწესებული თასი გადასცეს, გუნდის სხვა წევრებს ოქროს მედლები. ვერცხლისმედალოსნები დანიელები გახდნენ, ხოლო ბრინჯაოსი - ინგლისელები. დაფების მიხედვით გამარჯვებულების გამოვლენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მოთამაშეები ხშირად იცვლიდნენ ადგილებს.
სულ პირველ ოლიმპიადაზე 480 პარტია ჩატარდა.
ქალთა ოლიმპიადა არ ჩატარებულა, თუმცა გაიმართა პირველი საერთაშორისო შეჯიბრება ქალ მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც 7 ქვეყნის 12 მონაწილე იყო. ბრწყინვალედ იასპარეზა ვერა მენჩიკმა, რომელმაც 10 პარტია მოიგო, ერთი ყაიმით დაასრულა და მსოფლიოს პირველი ჩემპიონი ქალის წოდება მიიღო.
გაგრძელება იქნება