ფეხბურთი

2:04 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ვანდა მეტროპოლიტანო” ტორესს დაემშვიდობა, “ნოუ კამპი” – ინიესტას

ლა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის უკანასკნელი სათამაშო დღე სატურნირო თვალსაზრისით აღარაფერს წყვეტდა, თუმცა გულშემატკივარმა ემოციების ზღვა მაინც იხილა: “ატლეტიკოს” მაისური უკანასკნელად მოირგო ფერნანდო ტორესმა, ხოლო “ბარსელონას” რიგებში ბოლოჯერ ითამაშა ანდრეს ინიესტამ. შესაბამისად, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” და “ნოუ კამპზე” რაც ხდებოდა, ადვილი წარმოსადგენია.

“ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე “ეიბარს” დაუხვდა და “ელ ნინიო” საკუთარ გუნდს კაპიტნის სამკლავურით გაუძღვა. მადრიდულმა კლუბმა ორი ქულა დაკარგა, თუმცა ამაზე დიდად არავის უნაღვლია, რადგან “როხიბლანკოს” ცოცხალმა ლეგენდამ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, დუბლი შეასრულა და გამოსამშვიდობებელ მატჩში ზუსტად ისე ითამაშა, როგორც მის მადრიდულ კარიერას ეკადრებოდა. სტუმრები 24-ე წუთზე კიკემ დააწინაურა, 42-ე წუთზე კი ანხელ კორეამ ფერნანდოს ახლო მანძილიდან გაატანინა, ხოლო მე-60 წუთზე დიეგო კოშტას გადაცემის შემდგომ, მცველებს სისწრაფით აჯობა, მეკარეც ჩამოიშორა და ცარიელ კარში შეაგდო. მასპინძლებს სამ წუთში ლუკას ერნანდესი გაუძევეს, რითაც ბასკებმა ისარგებლეს და 70-ე წუთზე გაათანაბრეს – 2:2.

ტორესი “ატლეტიკოს” საფეხბურთო აკადემიაში 1995-2001 წლებში თამაშობდა, 2001-2007 წლებში კი ძირითადი გუნდის ღირსებას იცავდა, საიდანაც “ლივერპულს” მიაშურა. “ელ ნინიო” “ვისენტე კალდერონზე” (“ატლეტიკოს” ყოფილი სტადიონი) 2015 წელს დაბრუნდა. მთლიანობაში “როხიბლანკოს” მაისური 404-ჯერ მოირგო და 129 გოლის გატანა მოახერხა.

“ბარსელონამ” კი “სოსიედადს” უმასპინძლა და ფელიპე კოუტინიოს მიერ 57-ე წუთზე გატანილი ულამაზესი გოლით იმარჯვა. ანდრეს ინიესტამ 82-ე წუთზე კაპიტნის კამკლავური ლიონელ მესის გადაულოცა და მოედანზე ადგილი პაკო ალკასერს დაუთმო.

ინიესტა “ბლაუგრანას” საფეხბურთო აკადემიაში 1996 წელს მოხვდა, ხოლო 2002 წლიდან ძირითად გუნდში გამოჩნდა. მისი მონაგარი ასეთია – 674 მატჩი და 57 გოლი.

ლეგენდას გამოეშვიდობა “სოსიედადიც”: ხაბი პრიეტო მოედანზე 89-ე წუთზე გამოჩნდა და მანაც ბოლოჯერ მოირგო მშობლიური კლუბის მაისური. ის “ჩური ურდინის” ღირსებას 2000 წლიდან იცავდა, 531 შეხვედრა ჩაატარა და 73 გოლი გაიტანა.

ფოტოკოლაჟში იხილეთ ტორესის და ინიესტას გაცილების ფოტოები.

რაც შეეხება სხვა მატჩებს, “ვალენსიამ” საკუთარ მოედანზე ქვედა ლიგაში დაქვეითებული “დეპორტივო” დაამარცხა და სეზონი გამარჯვებით დაასრულა. სიმონე ძაძას და გონსალო გუედეშის გოლებს, ლუკას პერესმა ერთი ბურთით უპასუხა – 2:1.

“ესპანიოლმა” კი დავიდ ლოპესის გოლით “სან მამესზე” “ბილბაო” დაამარცხა და სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა, ხოლო ბასკური კლუბი მე-16 პოზიციას დასჯერდა, რაც “ლომებისთვის” ძალიან წარუმატებელი შედეგია.

ვალენსია – დეპორტივო 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ძაძა (28), 2:0 გუედეში (78), 2:1 ლ.პერესი (80)

ბილბაო – ესპანიოლი 0:1 (0:1)

გოლი: დ.ლოპესი (9)

ატლეტიკო – ეიბარი 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 კიკე (24), 1:1, 2:1 ფ.ტორესი (42; 60), 2:2 პენია (70)
გაძევება: ლუკასი (63)

ბარსელონა – სოსიედადი 1:0 (0:0)

გოლი: კოუტინიო (57)

თეგებილა ლიგა
0.257127