კალათბურთი

19:30 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "მგზავრებს" სერია 3:1 მოუგო და სუპერლიგის ფინალში გავიდა

“დინამო თბილისი” სუპერლიგის ფინალშია. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალური სერიის მე-4 მატჩში “მგზავრები” 72:61 დაამარცხა და სერიაში საერთო ანგარიშით – 3:1 გაიმარჯვა. დინამოელებს ჩემპიონის ტიტულის დაცვა “ქუთაისსა” და “რუსთავს” შორის ხვალინდელ მატჩში გამარჯვებულთან მოუწევს.

“მგზავრებმა” რეგულარული ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალში გასვლა რომ მოახერხა, ეს ამ გუნდისთვის უკვე სოლიდური შედეგია. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მოქმედ ჩემპიონს ნახევარფინალურ სერიაში 1 მატჩი მოუგო და დღევანდელ შეხვედრაშიც იბრძოლა, თუმცა ძალები ბოლომდე არ გაჰყვა.

დინამოელებმა გარდატეხა მესამე პერიოდში მოახდინეს, მანამდე კი “მგზავრები” არაფერს თმობდნენ. მეორე პერიოდის დასრულებამდე 1 წუთით ადრე “მგზავრები” 3 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა დინამოელთა 2 შეტევა გაეპარა და დიდ შესვენებაზე მოქმედი ჩემპიონის 7-ქულიანი ლიდერობა დაფიქსირდა – 44:37.

მე-3 პერიოდში დინამოელებმა მჭიდრო დაცვა დააყენეს, რაც გაუვალი აღმოჩნდა “მგზავრების” მოთამაშეებისთვის და ანგარიშში სხვაობამ 10 ქულას გადააჭარბა. ბუბა ბერიშვილის გუნდმა პერიოდში მხოლოდ 5 ქულა მიითვალა, დინამოელებმა კი 16 ჩააგდეს და ბოლო ათწუთეულის წინ მოქმედი ჩემპიონი 18 ქულით დაწინაურდა.

18-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა ერთ პერიოდში რეალურია, თუმცა “დინამომ” ეს არ დაუშვა. მეოთხედის შუაწელში მოედანზე “მგზავრების” სათადარიგონი გამოჩდნენ, რომლებმაც გაიბრძოლეს, თუმცა ჩამორჩენის 10 ქულაზე ნაკლებით შემცირება ვერ მოახერხეს. გამარჯვებულთა შორის 22 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო იყო კაელ ტურპინი. 21 ქულა მოაგროვა მიხეილ ბერიშვილმა, ნოდარ გოგოძის ანგარიშზე კი 8 ქულა დაგროვდა. “მგზავრებში” ათქულიან ზღვარს მხოლოდ ადრიან ბოუი ასცდა, რომელმაც 16 ქულა მიითვალა. 8-8 ქულა მოაგროვეს ოთარ ფხაკაძემ, ბერნარდ ნკალიმ და გიორგი ქავთარაძემ.

“დინამო” ფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც “ქუთაისისა” და “რუსთავის” მე-5, გადამწყვეტ შეხვედრაში, ხვალ გამოვლინდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ირაკლი ხოშტარია – „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ წინა წლის ჩემპიონები ვართ, მიზანი იყო აუცილებლად ფინალში თამაში, გამომდინარე აქედან, რეზულტატი დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება „მგზავრებს“, ვუსურვებ წარმატებას, ძალიან გაგვიჭირდა მათთან ყველა თამაში. ხვალ გადამწყვეტი თამაშია, დაველოდებით და მოვემზადებით, ჩვენ ერთი დღით მეტი გვექნება ვიდრე ფინალში მონაწილე მეორე გუნდს, ასე რომ ჯერ ყველაფერი წინაა.“

ლევან გრძელიძე – „დინამოს“ მოთამაშე:

„დიდი მადლობა „მგზავრებს“ ასეთი კარგი თამაშისთვის, ძალიან კარგი გუნდია და კარგი მწვრთნელი ჰყავთ. „დინამოს“ კი ვულოცავ ამ გამარჯვებას, კარგად ვიასპარეზეთ, საბოლოო შედეგი დაფიქსირდა 3:1 და ფინალის საგზური მოვიპოვეთ. გვქონდა ხარვეზები, მაგრამ ვეცდებით, რომ ფინალს სათანადოდ შევხვდეთ.“

მგზავრები – დინამო
სტატისტიკა: 61:72

gbf.ge

0.113725