სხვა

13:35 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის შვიდიდან შვიდი

სეკივაკე ტოჩინოშინმა კოკუგიკანში მიმდინარე მაისის ბაშოზე მეშვიდე ქულა დოჰიოზე შეუსვლელად მიითვალა - დღეს ლევან გორგაძე კომუსუბი ენდოს უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გაირკვა, რომ ენდო მეექვსე ტურში მიღებული ტრავმის გამო ტურნირიდან მოიხსნა.

ტოჩინოშინი "იმპერატორის თასისთვის” ბრძოლას უდანაკარგოდ აგრძელებს და უმთავრეს კონკურენტებს: იოკოძუნა ჰაკუჰოსა და იოკოძუნა კაკურიუს ერთი ქულით უსწრებს. მერვე ტურის შეხვედრები ხვალ შედგება და ქართველი სეკიტორის მეტოქე მასსავით სეკივაკე იჩინოჯო იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 4 მოგება და 3 წაგება აქვს. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრების ბალანსს, აქამდე გამართული 15 ბრძოლიდან 10 ტოჩინოშინმა მოიგო, 5 – იჩინოჯომ.

რანგით მეორე, ჯურიო ლიგაში კი გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა მეხუთე მარცხი იწვნია და უარყოფითი ბალანსი სამ ქულამდე გაეზარდა. საბოლოო დადებითი ბალანსის - კაჩი კოშის გასანაღდებლად მას დარჩენილი რვა ბრძოლიდან მინიმუმ ექვსის მოგება სჭირდება.

0.115863