ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის 1/16 ფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვერ გაუმკლავდა და ტურნირს გამოეთიშა. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკთან ორ სეტში დამარცხდა – 4:6, 2:6.
შეხვედრამ საათსა და 18 წუთს გასტანა და ჯოკოვიჩის უპირატესობა ნათელი იყო. თუმცა, პირველ სეტში ბასილაშვილმა მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია და ოდენ ბოლო ორი გეიმი დათმო – 4:6. მათ შორის, გადამწყვეტი საკუთარ მოწოდებაზე წააგო, რაც ორმაგად გულდასაწყვეტია.
აი, მეორე სეტში სერბი ჩოგბურთელის უპირატესობა ნათელი გახლდათ. ჯოკოვიჩმა სამი გეიმი მიჯრით მოიგო და მაშინვე ნათელი გახდა, რომ უპირატესობას აღარ გაანიავებიდა. 3:0-დან ნიკას მაქსიმუმი ორი მოგებული გეიმი აღმოჩნდა და მეორე სეტი 2:6 წააგო. გადამწყვეტი ქულა კი, ქართველი ჩოგბურთელის ორმაგ შეცდომას მოჰყვა და შეხვედრაც დასრულდა.
საერთოდ, ბასილაშვილმა 9 ორმაგი შეცდომით დაასრულა შეხვედრა, მაშინ, როდესაც ჯოკოვიჩი იმავე კომპონენტში სამჯერ შეცდა. სერბმა 5 ეისი შეასრულა, ხოლო ჩვენებურმა – ერთი.
ნოვაკ ჯოკოვიჩი – ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:0 (6:4, 6:2)