ფეხბურთი

19:03 | 16.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული წყევლა: მუნდიალის გმირობიდან ჩამქრალ ვარსკვლავობამდე

მარიო გიოტცეს 21 წლის ასაკში ისეთი კარიერა ჰქონდა, ბევრისთვის რომ სანატრელია. ბუნდესლიგის სამგზის ჩემპიონი (ორჯერ “დორტმუნდში”, ერთხელ “ბაიერნში), ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი, მსოფლიოს ჩემპიონი და გამარჯვების გოლი ამავე ტურნირის ფინალში.

თუმცა, 2014 წლის შემდეგ მარიოს კარიერასა და ცხოვრებაში რთული, მძიმე პერიოდი დადგა, რომელსაც თავი დღემდე ვერ დააღწია. 2017-2018 წლების სეზონში 25 წლის ნახევარმცველმა 32 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.

იოაჰიმ ლიოვისთვის კი, ოთხი წლის წინანდელი მუნდიალის გმირის თამაში არადამაკმაყოფილებელი გამოდგა და სანაკრებო განაცხადს მიღმა დატოვა. გიოტცე არათუ საბოლოო, 23-კაციან სიაში, არამედ გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

გერმანიის ნაკრებისთვის კი, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის გმირების სირთულეები უცხო სულაც არ გახლავთ...

მარიო გიოტცე – მარიო გიოტცეს სირთულეებზე ციფრებიც მეტყველებს. მუნდიალის ფინალიდან მოყოლებული გიოტცემ ბუნდესლიგაში მხოლოდ 15 გოლი გაიტანა (4 სეზონში). პეპ გვარდიოლას სკამიდან, “დორტმუნდის” გულშემატკივრების პროტესტი, რომელთაც მისი დაბრუნება არ სურდათ, ტრავმები, ავადმყოფობა და პეტერ შტოგერის სკამი. 18-დან 21 წლამდე გიოტცემ გერმანიის ჩემპიონატში 32 გოლი შეაგდო, ხოლო მას შემდეგ 4 სეზონში – 15...

მარიოს პრობლემებზე “ბორუსიას” სპორტული დირექტორი ვაცკეც საუბრობდა:

“მუნდიალის ფინალში გატანილი გოლი მისთვის ბევრს ნიშნავს. ახლა კი რაღაც აკლია. მარიოს დიდი პრობლემა აქვს, რომელიც ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს გააჩნია, როდესაც ასეთ წარმატებას აღწევს – მასზე ზეწოლაა”.

ჰელმუტ რანი – გერმანიამ მსოფლიო თასი პირველად 1954 წელს, შვეიცარიაში მოიგო. ფინალში ალემანებმა ფერენც პუშკაშის უნგრეთი 0:2-დან 3:2 დაამარცხეს. გადამწყვეტი დუბლი მაშინ ჰელმუტ რანმა შეასრულა. თუმცა, შემდეგ რანის ირგვლივ მხოლოდ პრობლემები იყო – ბევრი სასმელი, ბევრი პრობლემა. 1960 წელს დააპატიმრეს კიდეც და ციხეში სამი კვირა მოუწია ყოფნა.

გერდ მიულერი – 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გმირი, რომელმაც ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის “ბაიერნში” სამ სეზონში ჩინებულად ითამაშა (23 – 28 – 24 გოლი), 1978 წელს არგენტინის მუნდიალზე ვერ მოხვდა. შემდეგ აშში-ში წავიდა, სადაც გერდს უამრავი პრობლემა შეექმნა და ალკოჰოლს მიეძალა.

“ამაზე უარესი ვერაფერი მოხდებოდა. ჩემი მეგობრების გარეშე ვერაფერს გავხდებოდი”, - გაიხსენებს მიულერი. მისი მეგობრები კი, ბეკენბაუერი, ჰიონესი და რუმენიგე იყვნენ, რომელთა ძალისხმევით გერდ მიულერმა რეაბილიტაცია გაიარა და ფსიქოლოგიური დახმარება ჩაუტარდა.

ანდრეას ბრემე – ბოლო გერმანელი, რომელმაც მუნდიალის ფინალის ბედი გადაწყვიტა მარიო გიოტცემდე ანდრეას ბრემე იყო. 1990 წელს არგენტინასთან ფინალში სწორედ მან გაიტანა გამარჯვების გოლი. მოგვიანებით ბრემესაც ჰქონდა გარკვეული სირთულეები ალკოჰოლთან დაკავშირებით...

0.116466