იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მანჩინი დღეს ოფიციალურად წარადგინეს. 53 წლის სპეციალისტის განცხადებით, იტალია უნდა დაუბრუნდეს კუთვნილ ადგილს – მსოფლიო ფეხბურთის გრანდებში.
“ძალიან ემოციური მომენტია. იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობა შემთხვევითობა არაა. ეს იყო ჩემთვის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, რადგან ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრები ჩავიბარე. ვფიქრობ, ეს ყველა მწვრთნელის მთავარი მისწრაფებაა.
ახლა ჩვენ რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ შესაფერისი მომენტი უნდა ვიპოვოთ. ფეხბურთელობისას ნაკრებში ენცო ბეარზოტის, აძელიო ვიჩინისა და არიგო საკის ხელმძღვანელობით მითამაშია და ეს ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. იმედია, შევძლებთ, დავაბრუნოთ იტალია იქ, სადაც მისი ადგილია – მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე. ურთულესი სამუშაო გველოდება, მაგრამ ამის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონები ვართ.
იტალიას ყოველთვის ჰყავდა ხარისხიანი ფეხბურთელები. დღეს არიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთანაც უნდა ვიმუშაოთ”, - განაცხადა წარდგენისას მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრები ორი წლით ჩაიბარა. მისი დებიუტი “სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 28 მაისს, საუდის არაბეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში შედგება.