კალათბურთი

11:49 | 15.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"უორიორზი" დაწინაურდა (+VIDEO)

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალი დღეს გამთენიისას დაიწყო. ჰიუსტონის “ტოიოტა ცენტრში” ადგილობრივმა “როკეტსმა” მოქმედ ჩემპიონ “გოლდენ სტეიტ უორიორზს” უმასპინძლა.

ბევრისთვის სტივ კერის გუნდი წელსაც უდაო ფავორიტია, მაგრამ არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ რეგურალური სეზონის გამარჯვებულ “ჰიუსტონს” შეუძლია ოკლენდელთა შეჩერება. ვნახოთ, შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ სერიის პირველ მატჩში ეს პროგნოზი არ გამართლებულა. “უორიორზი” თითქმის მთელი თამაში მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც ლიდერობდა და რა გასაკვირია, რომ სამი პერიოდი მოიგო. უშუალოდ შეხვედრაში კი 119:106 გაიმარჯვა და სერიაში დაწინაურდა. თანაც, რამხელა უპირატესობაა, როდესაც საწყის მატჩს მეტოქის დარბაზში იგებ?!

“გოლდენ სტეიტის” რიგებში ფანტასტიკურად გაისარჯა კევინ დურანტი, რომელმაც 37 ქულა ჩაუგდო მეტოქეს. კლეი ტომპსონი გამოირჩა 28 ქულითა და 4 მოხსნით, ხოლო სტეფ კარის აქტივში 18 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა გახლავთ. სამწუხაროდ, სტივ კერიმ შანსი ისევ არ მისცა ზაზა ფაჩულიას, რომელმაც შეხვედრას თვალი სათადარიგო სკამიდან მიადევნა.

მაიკ დ’ანტონის გუნდის რიგებში კი ჯეიმს ჰარდენი იყო ფენომენალური. “ბაბუაწვერმა” 41 ქულა(!), 7 პასი და 4 მოხსნა გაახერხა. კრის პოლი “როკეტსს” 23 ქულითა და 11 მოხსნით, ხოლო კლინტ კაპელა 12 ქულით, 6 მოხსნითა და 3 პასით შეეწია.

სერიის მეორე მატჩი 17 მაისს, ისევ “ტოიოტა ცენტრში” გაიმართება.

“ჰიუსტონ როკეტსი” – “გოლდენ სტეიტ უორიორზი” 106:119 (30:29, 26:27, 24:31, 26:32)

0.276291