ფეხბურთი

0:12 | 13.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის ვერდიქტი: ცრემლიანი "ჰამბურგი" და ბედნიერი ზინსჰეიმი

გერმანიის ბუნდესლიგის 2017-2018 წლების სეზონი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ეს სეზონიც ძალიან გავდა წინამორბედებს – ერთი გუნდი დომინირებდა, დანარჩენები კი დაახლოებით ერთ დონეზე იდგნენ და სატურნირო ცხრილის თითოეულ ნაწილში დაძაბული ვითარება ბოლო ტურამდე შენარჩუნდა.

დასკვნითი ტურის წინ გასარკვევი იყო ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის საგზურების მფლობელების ვინაობა და მეორე ბუნდესლიგაში გასავარდნი გუნდის ვინაობა. ბუნებრივია, რომ 34-ე ტურმა ამ ყველა კითხვას პასუხი გასცა.

“ჰამბურგმა”, რომელიც მთელი სეზონი უფერულად ირჯებოდა და გასავარდნად იყო განწირული, ბოლო ტურებში გაიღვიძა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მეტად დააგვიანდა. “შპორტვერაინმა” კარი “გლადბახის” ძლევით გაიჯახუნა, თუმცა მეტს ვერაფერს შესწვდა და ისტორიაში პირველად გავარდა ბუნდესლიგიდან. ამიერიდან არ იარსებებს გერმანული გუნდი, რომელსაც ბუნდესლიგა არასდროს დაუტოვებია. ასეთი სწორედ “ჰამბურგი” გახლდათ, მაგრამ ჩრდილოეთ გერმანელებმა ყველაფერი წყალში ჩაყარეს. სხვათა შორის, “ჰაბურგს” შანსი პლეი-აუტში ექნებოდა, მაგრამ “ვოლფსბურგმა” არ დაანება.

“მგლებმა” მანამდე გავარდნილი “კიოლნი” დაამარცხეს და სეზონი მე-16 ადგილზე დაასრულეს. “ვოლფსბურგს” ახლა გარანტირებული მაინც არაფერი აქვს და ბუნდესლიგაში დასარჩენად ორმატჩიან დუელში პლეი-ოფში მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსან “ჰოლსტეინთან” მოუწევს ჭიდილი. რა გამოუვა 2009 წლის გერმანიის ჩემპიონს ამ საქმიდან უახლოესი მომავალი დაგვანახებს.

ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა “ლევერკუზენი”. “ფარმაცევეტებმა” საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარეს, მაგრამ ბოლო ტურებში აურიეს და დაისაჯნენ. ამჯერად, “ბაიერმა” შინ “ჰანოვერი” კი დაამარცხა (3:2), თუმცა, კონკურენტი “ჰოფენჰაიმი” არ წიაქცა და ოთხეულს მიღმა დარჩა ტრადიციული გერმანული გუნდი. “ბაი არენადან” კი საზეიმოდ გააცილეს შტეფან კისლინგი და მას მადლობაც გადაუხადეს.

შარშან, “ჰოფენჰაიმი” მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში აწ უკვე ფინალისტ “ლივერპულთან” ვერაფერი გააწყო. “სოფლელებმა” ამჯერად უკვე უწიეს მიზანს და თანაც, ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. იულიან ნაგელსმანის გუნდი მთელი სეზონი არასტაბილური გახლდათ და თითქოს მისი მაქსიმუმი ევროპა ლიგა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად – “ჰოფემ” ბოლოსკენ საოცარი სისწრაფე განავითარა და სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. ზინსჰეიმში ამჯერად “დორტმუნდი” დაეცა (1:3), რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზური მაინც მოიპოვა. ნიშანდობლივია, რომ “ჰოფენჰაიმმა”, “დორტმუნდმა” და “ლევერკუზენმა” 55-55 ქულით დაასრულეს სეზონი და მათგან ყველაზე ცუდი ბურთების ბალანსი “ფარმაცევეტებს” აღმოაჩნდათ. შესაბამისად, “ლევერკუზენი” ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა აღმოჩნდა.

“ლევერკუზენი” ევროპა ლიგაზე ითამაშებს, ხოლო მეორე საგზური შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ “ლაიფციგს” ერგო. რალფ ჰასენჰუტლის გუნდი მწარედ გაუსწორდა სტუმრად “ჰერტას” (6:2), 53 ქულა დააგაროვა და ოდნავ ადრე რომ ფხიზლად ყოფილიყო, ოთხეულშიც შევიდოდა, მაგრამ ახლა ევროპა ლიგით მოუწევს თავის ნუგეში.

აი, რაც შეეხება მესამე საგზურის მფლობელს ევროპა ლიგაზე: “შტუტგარტი” ან “აინტრახტი”. ფრანკფურტელები ერთი ხანობა ოთხეულზე აცხადებდნენ პრეტენზიას, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ნიკო კოვაჩი “ბაიერნს” ჩაუდგებოდა სათავეში, “აინტრახტის” თამაში აირია. საბოლოოდ, გუნდი მერვე ადგილზე გავიდა, მაგრამ შანსი მაინც აქვს. თუ კოვაჩის გუნდი გერმანიის თასის ფინალში საკუთარ თავს გადაახტება და მიუნხენის “ბაიერნს” დაამარცხებს, ევროპა ლიგაზე გავა. თუ არადა, მეშვიდეადგილოსანი “შტუტგარტი” ითამაშებს ევროპის რანგით მეორე ტურნირზე. “შვაბებისგან” ასეთ შედეგს სეზონის სტარტზე არავინ ელოდა, მაგრამ ტაიფუნ კორკუტის გუნდში მოსვლის შემდეგ “შტუტგარტი” გარდაიქმნა და აგერ ახლოსაა ევროსარბიელზე დაბრუნებასთან. სხვათა შორის, “მერსედეს ბენც არენის” ბინადრებმა კარიც კარგა ხმაურიანად გაიჯახუნეს და მიუნხენში, მართალია უმოტივაციო, მაგრამ მაინც “ბაიერნი” გაანადგურეს – 4:1.

მაშ ასე, ბუნდესლიგა დასრულებულია. “ბაიერნი” ჩემპიონია. მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე “შალკე”, “ჰოფენჰაიმი” და “დორტმუნდი” ითამაშებენ, ევროპა ლიგაზე გერმანიის ღირსებას “ლაიფციგი”, “ლევერკუზენი” და “აინტრახტი” ან “შტუტგარტი” დაიცავენ. ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად მოუწვეთ გაისად გარჯა “კიოლნსა” და “ჰამბურგს”, ხოლო “ვოლფსბურგის” ბედი ჯერ კიდევ გასარვევია.

აქვე გეტყვით, რომ სეზონის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც 29 გოლი გაიტანა და კუთვნილი ჯილდო უკვე ჩაიბარა. სხვათა შორის, პოლონელმა მეორე ადგილზე გასულ ნიკლას პეტერსენს ძალზე გვარიანად აჯობა. “ფრაიბურგის” ფორვარდმა სეზონი 15 გოლით დაასრულა...

“ლევერკუზენი” – “ჰანოვერი” 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 ალარიო (3), 2:0 ალარიო (18), 2:0 ბრანდტი (55), 3:1 ფოლკრუგი (90), 3:2 ჰარნიკი (90)

“ბაიერნი” – “შტუტგარტი” 1:4 (1:2)

გოლები: 0:1 გინჩეკი (5), 1:1 ტოლისო (21), 1:2 დონისი (42), 1:3 აკოლო (52), 1:4 გინჩეკი (55)

“ფრაიბურგი” – “აუგსბურგი” 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ჰოფლერი (49), 2:0 კლეინდინესტი (65)

“ჰამბურგი” – “გლადბახი” 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ჰანტი, (11, პენ), 1:1 დრმიჩი (28), 2:1 ჰოლტბი (63)

“ჰერტა” – “ლაიფციგი” 2:6 (1:3)

გოლები: 0:1 უპემეკანო (2), 1:1 იბიშევიჩი (4), 1:2 ლუკმანი (7), 1:3 ოგუსტინი (22), 1:4 ვერნერი (49), 1:5 ოგუსტინი (54), 2:5 კალუ (64), 2:6 ბრუმა (82)

“ჰოფენჰაიმი” – “დორტმუნდი” 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 კრამარიჩი (26), 1:1 როისი (58), 2:1 სჟალაი (63), 3:1 კადერაბეკი (73)

“მაინცი” – ვერდერი” 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 გბამინი (12), 1:1 კაინცი (23), 1:2 გებრე სელასიე (79)

“შალკე” – “აინტრახტი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბურგშტალერი (26)

“ვოლფსბურგი” – “კიოლნი” 4:1 (1:1)

გოლები: 1:0 გილავოჯი (1), 1:1 ჰექტორი (32), 2:1 ორიჯი (54), 3:1 კნოხე (71), 4:1 ბრეკალო (90)

თეგებიბუნდესლიგა
0.119743