“სოსიედადის” ნახევარმცველი სერხიო კანალესი სამუშაო ადგილს შეიცვლის და კარიერას “ბეტისში” განაგრძობს – წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Marca.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, სერხიომ ანდალუსიურ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია და ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. 27 წლის ფეხბურთელს “სოსიედადთან” მოქმედი ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება და შესაბამისად, ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
კანალესი “სოსიედადში” 2014 წელს “ვალენსიადან” გადავიდა. მან “ჩური ურდინის” მაისური 159-ჯერ მოირგო და 12 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში 43 შეხვედრა ჩაატარა, 4 ბურთი შეაგდო და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.