ფეხბურთი

5:48 | 7.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" თითქმის ჩემპიონია, "რომა" თითქმის ჩემპიონთა ლიგაზეა

ტურინის “იუვენტუსი” თითქმის იტალიის ჩემპიონია. ეს, მას შემდეგ, რაც “ნაპოლიმ” მორიგი ქულები დაკარგა, ამჯერად საკუთარ მოედანზე “ტორინოსთან”. მაურიციო სარის გუნდი ორჯერ იგებდა, მაგრამ ანგარიში ვერცერთხელ შეინარჩუნა და სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, “იუვეს” 6 ქულით ჩამორჩება. ნეაპოლიტანურ გუნდს ჩემპიონობისთვის ერთადერთი შანსი დარჩა – ორივე მატჩი უნდა მოიგოს, “იუვენტუსმა” ორივე წააგო და მერე ბურთების ბალანსი დაითვლება, რომელიც ახლა ტურინელთა სასარგებლოდაა. “იუვეს” +61, “ნაპოლის” +45. ახლა, თავად განსაჯეთ ნეაპოლელთა საჩემპიონო შანსები...

გაცილებით საინტერესო ვითარებაა, ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და გასავარდნ ზონებში:

“რომამ” მესამე ადგილი გაიმყარა. ჯენგიზ იუნდერის ნაადრევი გოლით სარდინიაზე “კალიარი” დაამარცხა და “ინტერს”, რომელიც მეხუთეა, ოთხი ქულით გაასწრო. შესაბამისად, თუ რაიმე საოცრება არ მოხდა, “ჯალოროსი” სეზონს ოთხეულში დაასრულებს. აი, მეოთხე ადგილისთვის კი გაცილებით ფიცხელი ბრძოლაა მოსალოდნელი – “ინტერმა” უდინეში, “უდინეზე” გააცამტვერა (4:0) და განაგრძობს მიზნისკენ სვლას. ამასობაში, “ლაციომ” შინ “ატალანტასთან” მხოლოდ ფრე გაახერხა და სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა. ბოლო ტურში კი, რომში, “ლაციო” და “ინტერი” ერთმანეთს ხვდებიან და სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს ვინ ითამაშებს დამდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე.

ევროპა ლიგის საგზურისთვის “მილანი”, “ატალანტა” და “ფიორენტინა” იბრძვიან. “როსონერის” ორივე დარჩენილი მატჩი სწორედ ფლორენციელებთან და ბერგამოელებთან აქვს. შესაბამისად, არავინ იცის, რა მოხდება. ამ სამ გუნდს შორის სხვაობა კი სულ რაღაც სამი ქულაა.

და ბოლოს, გასავარდნი ზონა: “ბენევენტო” და “ვერონა” გავარდნენ, მაგრამ უნდა გაირკვეს მესამე უიღბლო გუნდის ვინაობა. “კალიარი”, “უდინეზე”, “კროტონე”, “კიევო” და “სპალი” – მათ სულ რაღაც 2 ქულა განასხვავებთ. “კიევომ” უშუალო კონკურენტი “კროტონე” დაამარცხა და გასავარდნი ზონა დატოვა, სადაც ახლა “კალიარი” ჩაეშვა. თუმცა, დარჩენილ ორ ტურში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. მოკლედ, კალჩოს ფინიში უაღრესად საინტერესო და დრამატული უნდა გამოვიდეს...

“უდინეზე” – “ინტერი” 0:4 (0:3)

გოლები: 0:1 რანოკია (12), 0:2 რაფინია (43), 0:3 იკარდი (45), 0:4 ბორხა ვალერო (71)

“კიევო” – “კროტონე” 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბირსა (12), 2:0 სტეპინსკი (82), 2:1 ტუმინელო (90)

“ჯენოა” – “ფიორენტინა” 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 ბენასი (43), 1:1 როსი (64), 2:1 ლაპადულა (68), 2:2 ეისერიჩი (77), 2:3 დაბო (80)

“ლაციო” – “ატალანტა” 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ბაროუ (2), 1:1 კაისედო (24)

“სპალი” – “ბენევენტო” 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 პალოსკი (25), 2:0 ანტენუჩი (82, პენ)

“ნაპოლი” – “ტორინო” 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 მერტენსი (25), 1:1 ბაზელი (55), 2:1 ჰამშიკი (71), 2:2 დე სილვესტრი (83)

“სასუოლო” – “სამპდორია” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 პოლიტანო (68)

“კალიარი” – “რომა” 0:1 (0:1)

გოლი: ჯენგიზ იუნდერი (15)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.405512