უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. აღნიშნული ინფორმაცია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ვებგვერდმა გაავრცელა.
მიმდინარე სეზონის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, რომელიც ლონდონში "არსენალსა" და "ატლეტიკოს" შორის გაიმართა (1:1) არგენტინელმა სპეციალისტმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არბიტრმა სიმეონე გააძევა. აღნიშნულ გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 3 მაისს გაიმართა და ახლა უკვე სამხრეთამერიკელს უეფას ტურნირებზე სამი მატჩის გამოტოვება მოუწევს. "როხიბლანკოსი" 16 მაისს ფინალში "მარსელს" დაუპირისპირდება და არგენტინელს ტრიბუნიდან მოუწევს მატჩის ყურება.
ასევე, დიეგოს ჯარიმის სახით 10,000 ევროს გადახდა დაეკისრა, ხოლო ამდენივე თანხა კლუბმაც უნდა გადაიხადოს, რადგან ამავე შეხვედრაში ესპანელი გულშემატკივრები მოედანზე სხვადასხვა ტიპის საგნებს ისროდნენ.