ფეხბურთი

4:35 | 29.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ბაკამ “სელტა” დაარბია

ლა ლიგაში სეზონის ბოლოსთვის, შეუფერებელი და უჩვეულო სიწყნარეა. გათამაშებაში ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეულია: ჩემპიონის, ჩემპიონთა ლიგაზე გასული და ლა ლიგა 2-ში გავარდნილი კლუბების ვინაობა. ერთადერთი, რაზეც ბრძოლა ჯერ კიდევ მიდის – ევროპა ლიგის საგზურებია.

სწორედ ევროპა ლიგაზე გასვლისთვის მებრძოლმა “ვილიარეალმა” მოახერხა შინ “სელტას” განადგურება. კარლოს ბაკამ პირველივე ტაიმში ჰეთ-თრიკი გაიფორმა, რასაც სისტომ ერთი ბურთით უპასუხა, ხოლო 93-ე წუთზე სამუ კასტილიეხომ ვალენსიელთა მოგებას სოლიდური სახე მისცა – 4:1.

გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ლეგანესი” მიიღო და დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა. მადრიდელთაგან პირველივე ტაიმში თავის გამოჩენა გარეთ ბეილმა და ბორხა მაიორალმა შეძლეს, რითაც დიდწილად შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს.

“ლეგანესმა” მეორე ტაიმში გაიბრძოლა და 66-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულ ბრასანაჩს ნორდინ ამრაბატმა ცარიელ კარში გაატანინა. სტუმრები ამის შემდეგაც უტევდნენ და მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს – 2:1.

“ესპანიოლმა” საკუთარ მოედანზე გავარდნილ “ლას პალმასს” ფრე გაუგორა და ამ ქულით ლა ლიგაში დარჩენა ოფიციალურად გაინაღდა, ხოლო “სოსიედადმა” “ანოეტაზე” გამართულ ბასკურ დერბიში “ბილბაო” დაჩაგრა. აღსანიშნავია, სტუმართა ჩამშლელის მიკელ სან ხოსეს ორი ავტოგოლი.

ესპანიოლი – ლას პალმასი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 კალერი (29 პენ.), 1:1 ხ.მორენო (76)

სოსიედადი – ბილბაო 3:1 (2:0)

გოლები: 1:0, 3:0 სან ხოსე (15 ს.კ. ; 54 ს.კ.), 2:0 ოიარზაბალი (36), 3:1 რ.გარსია (59 პენ.)
გაძევება: პარდო (86 ს.)

რეალი – ლეგანესი 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ბეილი (8), 2:0 მაიორალი (45), 2:1 ბრასანაჩი (66)
გაძევება: გაბრიელი (93 ლ. მოედანს მიღმა)

ვილიარეალი – სელტა 4:1 (3:1)

გოლები: 1:0, 2:1, 3:1 ბაკა (13; 35; 38), 1:1 სისტო (34), 4:1 კასტილიეხო (93)

თეგებილა ლიგა
0.111931