ძიუდო

20:15 | 26.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ძიუდოს უმედლო სტარტი
მსუბუქებმა მძიმედ დაიწყეს

თელ ავივში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, საპრიზო სამეულები მამაკაცებში ორ წონაში: 60 და 66 კილოგრამებში შეივსო. სამწუხაროდ, ქართველი ძიუდოისტების გარეშე. საქართველოს ნაკრების სახელით კონკურენციაში სამი ძიუდოისტი ჩაება. მათ შორის ორი ისეთი, ევროპის ჩემპიონატის პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე აქამდე რომ ასულან, მაგრამ... ევროპის 2013 წლის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ევროპის 2016 წლის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) წლევანდელ ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში ვერ შეხვდნენ.

პაპინაშვილს სამეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა – რეპეშაჟის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრთან, ოლიმპიურ და ევროპის სამგზის ჩემპიონ ბესლან მუდრანოვთან ვაზარით დამარცხდა. ბრინჯაოს ფრონტზე ქართველი მსუბუქწონოსანი ნახევარფინალიდან გადაერთო. იქაც რუს მეტოქესთან წააგო – ისლამ იაშუევთან. იქამდე კი ამირანმა ბულგარელი ვალენტინ ალიპიევისა და უნგრელი ჩაბა სზაბოს ძლევა მოასწრო.

ვაჟა მარგველაშვილი ევროპირველობაზე პირველ ნომრად იყო განთესილი და რა თქმა უნდა, უმაღლესი ტიტულის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტადაც მიიჩნეოდა, მაგრამ ებრაულ ტატამზე ერთადერთხელ გავიდა - პირველ წრეში 20 წლის გერმანელ მიშელ ადამს დაეჭიდა, რომელსაც ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტისგან განსხვავებით, ზურგს მხოლოდ ახალგაზრდულ ევროპირველობაზე შარშან მოპოვებული ბრინჯაო უმაგრებდა. შეხვედრის დასაწყისში მარგველაშვილმა ვაზარი გაუშვა და ჩამორჩენა სათავისოდ ვეღარაფრით შეატრიალა. გერმანელმა მიმდინარე ევროპირველობაზე თავი მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილის ძლევით გამოიჩინა. მეორე წრეში ბელარუს დმიტრი შერშანთან დამარცხდა.

დღესვე ჩაერთო საქმეში ლუხუმ ჩხვიმიანიც და მანაც ერთი შეხვედრით დაასრულა ევროპირველობაზე გამოსვლა, ბესლან მუდრანოვთან "ოქროს დროში” წაგებით.

ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა სამ წონაშიც გამოვლინდნენ, მაგრამ სატურნირო ბადეები სამივე წონაში ქართველების გარეშე შეივსო. საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპირველობაზე მონაწილეობას არ იღებს.

ხვალ მამაკაცებში 73 და 81 კილოგრამებში გათამაშდება მედლები და ქართული დროშის ქვეშ ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ) იჭიდავებენ. ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი შავდათუაშვილი ჩემპიონატზე მეორე ნომრადაა განთესილი. საქმეში მეორე წრიდან ჩაერთვება, გერმანელ იგორ ვანდტკესა და ებრაელ ორონ გინერს შორის მოგებულთან დაჭიდებით. ევროპის ორგზის ფინალისტი ტატალაშვილი კი ევროპირველობას მონტენეგროელ სრჟან მრვალიევიჩთან შეხვედრით გახსნის.

0.115517