ფეხბურთი

19:12 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

რატომ გაყიდა “რომამ” მოჰამედ სალაჰი?

“ლივერპულის” შემტევი მოჰამედ სალაჰი საოცარ ფორმაშია და მოედანს უგლოდ არ ტოვებს. გოლების გარდა, ეგვიპტელი ისედაც უმაღლესი დონის თამაშს აჩვენებს და ყველა მასზე საუბრობს.

“ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალთან 11-წლიანი პაუზის შემდეგ ძალიან ახლოსაა. ამაში 25 წლის ფეხბურთელის როლი ძალიან დიდია. სალაჰმა ყოფილ კლუბს “რომას” 2 გოლი გაუტანა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

“ჯალოროსიდან” “წითლებში” აფრიკელის ტრანსფერი გასული წლის 23 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა. ინგლისელებმა 50 მილიონი ევრო გადაიხადეს. შესაძლოა, ეს პატარა თანხა არაა, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით და ფეხბურთელების ფასებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მართლაც ცოტაა.

რატომ გაყიდა “რომამ” გუნდის ლიდერი მხოლოდ 50 მილიონ ევროდ ან საერთოდაც, რატომ შეელია? ამაზე პასუხი მონჩის აქვს – იტალიური გუნდის სპორტულ დირექტორს, რომელმაც სალაჰის გასხვისებაზე გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ისაუბრა:

“სალაჰის გაყიდვაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, ეს მე თვითონ გავაკეთე, თუმცა სხვა არჩევანი არ მქონდა. ის აუცილებლად უნდა გაგვეყიდა 30 ივნისამდე, რადგან “რომა” უეფას მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა და სანქციები ემუქრებოდა.

როდესაც გუნდში მოვედი “ლივერპულს” უკვე ჰქონდა შემოთავაზება, მაგრამ მხოლოდ 30 მილიონიანი. მე მოჰამედის ფასი გავზარდე 50 მილიონ ევრომდე. რა თქმა უნდა, “წითლებმა” გარიგება მოახერხეს, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ სხვა შანსი არ გვქონდა”, - განაცხადა მონჩიმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მოჰამედ სალაჰმა ყველა ტურნირის ჩათვლით 47 თამაშში 43 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.119081